„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ ბრაუდერისადმი მიმართვას ეხმაურება.
სააკაშვილს სურს, ბრაუდერი ქართულ ჯგუფებს მის საქმესთან დაკავშირებით „მაგნიტსკის“ ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს.
ჩიხელიძე იმედოვნებს, რომ ბრაუდერი სრულად გაეცნობა სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და თავს სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდებს.
„რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორ, უილიამ ბრაუდერს სთხოვა, ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს. საკვირველია, მაგრამ ბატონმა უილიამმა სააკაშვილს მყისიერად, ფაქტობრივად, რამდენიმე საათში უპასუხა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა, როგორც წესი მსგავს საკითხებზე პასუხის გაცემა მოკლე დროში არ ხდება, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ მაგნიტსკის და სააკაშვილის საქმე სრულიად განსხვავებულია და მათი ერთ კონტექსტში განხილვა დაუშვებელია, მაგნიტსკის შემთხვევაში საქმე გვქონდა მკურნალობის არ დანიშვნასთან, რომელსაც პატიმარი საჭიროებდა, ციხის ხელმძღვანელობამ უარი თქვა. დაენიშნათ მკურნალობა პატიმრისათვის, რომელსაც პანკრეასისა და კუჭის ქრონიკული ტკივილები აწუხებდა, რის გამოც მისი მდგომარეობა გართულდა, სამთვე-ნახევრის განმავლობაში რვაჯერ გადაიყვანეს საკნიდან საკანში. თანაც, ეს საკნები იყო ცუდი, არ შედიოდა შუქი, არ იყო ვენტილაცია და რვა-ნახევარი კვადრატული მეტრის ფართობზე სამი ადამიანი იყო მოთავსებული, შეზღუდული ჰქონდა მნახველების მიღება.
რაც შეეხება სააკაშვილს, ის არა ციხის საკანში, არამედ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება (გარკვეული დრო გაატარა სამხედრო კლინიკაში) დაკავების შემდეგ იგი 1500-ზე მეტმა მნახველმა მოინახულა, მისი პალატა შედგება 2 ოთახისგან, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, არის ვენტილაცია და ა.შ. სახელმწიფო ზრუნავს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მას ყველა საჭირო პროცედურა და სამკურნალო მანიპულაცია უტარდება.
სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ მოწვეული ექსპერტის დაკითხვის დროს დადასტურდა, რომ სააკაშვილი მოწამლული არ არის და მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებების კონცენტრაცია დადგენილი ნორმის ფარგლებშია, ახლა ნათელია, რომ სააკაშვილის და მაგნიტსკის საქმის შედარება მინიმუმ უხერხულია. იმედს ვიტოვებ, უილიამ ბრაუდერი სრულად გაეცნობა არსებულ ვითარებას და თავს სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდებს“, - წერს ჩიხელიძე.