საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არც იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე, როგორადაც მივიჩნევთ. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე ცვლილებების გამო საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება ბევრად მნიშვნელოვანი გახდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურ მოთამაშედ განვიხილებით.
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს პრობლემები და მრავალი ნაკლი, მაგრამ ცხადია, დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, პოლიტიკური დევნილები ქვეყანაში აღარ არიან.
„სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ დღემდე ამომწურავი პასუხები არ მოგვისმენია.
მართალია, პროკურატურამ მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება ჯერ კიდევ ვერ შეძლო, რისთვისაც შესაძლოა ობიექტური მიზეზებიც არსებობს - არ გამოვრიცხავ, მტკიცებულებათა უმრავლესობა „ნაციონალებმა" გაანადგურეს, თუმცა დღეს ციხეში პოლიტპატიმრები კი არა, კრიმინალები არიან. „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების გარდა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი და უგულავა პოლიტიკური შეხუდულებების გამო ისჯებიან.
უბრალოდ, შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იმ ადამიანებს ვეღარ ხედავენ, რომლებთანაც რამდენიმეწლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, თანაც არც იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ვართ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორადაც თავს მივიჩნევთ.
ხელისუფლებამ საგარეო მიმართულებით ბევრად აქტიურად უნდა იმუშაოს, თუმცა ამ მხრივ ვერც „ნაციონალური მოძრაობის" გადამეტებულ ხარჯებს გავამართლებ. საქართველოს ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად ოქროს შუალედია მოსაძებნი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა ის მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია და „ორი სკამისთვის არ იბრძვის".
„რეალურად, საგარეო კურსის პრობლემას დღეს ვერ ვხედავ. ახლა მთავარი ქვეყნის შიგნით განვითარებაა. პირველ რიგში კი, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლი გვჭირდება. საზოგადოებაში პოლიტიკის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.