სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების სომხეთში ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
„სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე შეატყობინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს, რომ ამ ვითარებაში სომხეთში მსგავსი წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ეს წვრთნები არ ჩატარდება სომხეთში, სულ მცირე, მიმდინარე წელს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
„ერევანში გამართული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე სომხეთის მიერ წარმოდგენილი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული პრობლემა იმის გაგების, თუ რა არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ ხაზის მითითების გარეშე, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ რაიმე სხვა დოკუმენტის მიღებას. ეს საუბარი არ დასრულებულა და კვლავ ჩვენი დღის წესრიგის საგანია“, - განაცხადა ფაშინიანმა.