logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სერგო ფარაჯანოვი - ორი ერის საამაყო თბილისელი შვილი
- +

11 იანვარი. 2023. 15:04

 

 

მოსკოვში (და აქაც) გამოდის წიგნი სერგო ფარაჯანოვის შესახებ.

 

მოსკოველებმა, ეტყობა, საქართველოში გადაღებული დოკუმენტური ფილმი ნახეს, რომელშიაც ჩემი ინტერვიუა გაჟღერებული და მთხოვეს ამ წიგნში „მონაწილეობა“. თხოვნა იმდენად დაბეჯითებული გახლდათ, რომ „გაძალიანება“ არ გამოვიდა. შევთანხმდით, რომ დაიბეჭდებოდა გაშიფრული ინტერვიუს  ნაწილი და თემა ამით ამოიწურებოდა…

 

გუშინ საღამოს მასალა მომივიდა და სერიოზული რედაქტირება ვერ მოვასწარი.  ვინაიდან დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა, მეც გავერიე მომგონებელთა მარაქაში და…

 

გაეცანით ამ წერილს.  მაინცდამაინც დახვეწილი არ არის, ამიტომ ნუ იქნებით მეტისმეტად მკაცრნი.

 

სერგო ფარაჯანოვი - ორი ერის საამაყო თბილისელი შვილი

................

 

თავის დროზე ვმუშაობდი საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარედ. ვიყავი პარტიულ სამუშაოზე, მქონდა ორნაირი კავშირი კინოსთან - პირდაპირიც და ირიბიც, აგრეთვე კინომოღვაწეებთან, ქართულ ხელოვნებასთან და ქართულ კულტურასთან.

 

რა თქმა უნდა, მაშინ სხვა ეპოქა იყო, დღევანდელობისაგან განსხვავებული. თავისუფლების ხარისხი ახლა უფრო დიდია, თუმცა ხელის შეწყობა სახელმწიფოსა და მმართველი ძალების მხრიდან კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებისადმი იყო უფრო დიდი და მგრძნობიარე. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან კულტურის სფეროსადმი, კინოსადმი კი გამორჩეულად, კონტროლი სერიოზული იყო. ეს თავისებურად დაღს ასვამდა ამ დარგების განვითარებას.

 

იმ პერიოდში შეიქმნა ბევრი სახელოვნებო შედევრი, მათ შორის კინოში.

 

ცნობილია იმ პერიოდის ქართული კინოს ფენომენი, რომელიც აღიარებული იყო და არის არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არამედ ევროპაშიც.

 

გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ, ამ პერიოდის, ამ ეპოქის დიდი  კინორეჟისორებისა ჩამონათვალში, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ავცდებით ერთ გვარს, ფენომენს, რომელსაც ეძღვნება ეს ჩვენი საუბარი. ეს არის სერგო ფარაჯანოვი.

 

უნდა გითხრათ, რომ მედალს ორი მხარე აქვს. რამდენადაც დიდი იყო მისი პოპულარობა, აღიარება კინომოღვაწეთა შორის, საერთოდ კულტურის სფეროში, იმდენად  რთული იყო მისი ურთიერთობა ხელისუფლებასთან. განსაკუთრებით, ხელისუფლების ერთ სტრუქტურასთან, რომელსაც ერქვა სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ამ ორგანოზე თავისი შეხედულებები, მასთან სპეციფიკური დამოკიდებულება ჰქონდათ კულტურის მოღვაწეებს. ეს იყო, რბილად რომ ვთქვათ, რიდი.

 

უშიშროების სამსახური თვლიდა, რომ ფარაჯანოვი არ იყო საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანი. ეს არცაა გასაკვირი და არც უნდა ყოფილიყო გასაკვირი, მაგრამ ისინი, ამავე დროს, თვლიდნენ, რომ ფარაჯანოვის ცხოვრების სტილი(!) მეტ-ნაკლებად მიუღებელი იყო ჩვენი საზოგადოებისათვის.

 

ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს იყო მათი აზრი და პოზიცია, თუმცა ამ აზრის მიმართ საზოგადოებაში ერთსულოვნება  არ იყო.  განსაკუთრებით,  საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც კულტურის სივრცეში პროფესიულად იღვწოდა.

 

ამ ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ფრთხილობდა ამ პიროვნებასთან ურთიერთობაში, ცდილობდნენ, არ გამოეჩინათ ზედმეტი ინტერესი, რათა უშიშროების სამსახურს არ ჩაერიცხა ისინი იმ არასასურველ პიროვნებათა სიაში, რომელსაც მომავალში გართულებები არ აცდებოდა.

 

ეს შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ ეს ვითარება მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ფარაჯანოვის თანამგზავრი გახლდათ, მისგან გამომდინარე ადეკვატური შედეგებით.

 

რა თქმა უნდა, ჩემთვის ყოველივე ეს ცნობილი იყო და, წესით, არსებული რეალობა საჭიროების შემთხვევაში უნდა გამეთვალისწინებინა. ეს ასეც მოხდა.

 

სერგო ფარაჯანოვთან ორი პირადი და ორი არაპირდაპირი შეხება მქონდა. პირველი შეხვედრა შედგა სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდში, როცა ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, მე ვიყავი ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ვიყავი იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას ჩვენი მოქალაქეების უცხოეთში გამგზავრებაზე. როგორც წესი, ოთხმოცი, ოთხმოცდაათი პროცენტი ამ განხილვებისა მთავრდებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის დადებითად, ისინი იღებდნენ თანხმობას და ხელის შეწყობას უცხოეთში გამგზავრებაზე. მაგრამ იყო გარკვეული ნაწილი, შედარებით მცირე, ვისაც ეუბნებოდნენ უარს. ეს უარი იყო დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ უშიშროების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაზე, თხოვნაზე, რეკომენდაციაზე და ერთ-ერთი ასეთი სხდომის დროს წამოიჭრა საკითხი ფარაჯანოვთან დაკავშირებით.

 

იმ კომისიის წევრები საკმაოდ განათლებული და ინფორმირებული ადამიანები გახლდნენ, საკმაოდ მაღალი თანამდებობების, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცნობდნენ ფარაჯანოვის შემოქმედებას და მის გარშემო შექმნილ ვითარებას.

 

შესაძლოა პიროვნულად არც ერთი, მათ შორის მეც არ ვიცნობდი მაესტროს. ჩვენი ძირითადი  ინფორმაცია შემოიფარგლებოდა სწორედ იმ რეკომენდაციებით, რასაც აწვდიდა ამ კომისიას ამ კატეგორიის მოქალაქეებზე უშიშროების სამსახური.

 

სწორედ კომისიის ამ სხდომაზე ეთქვა უარი ფარაჯანოვის წარმომდგენ ორგანიზაციას.

 

მახსოვს, რომ ამ კომისიის წევრებიდან მხოლოდ ორად-ორი ადამიანი იყო, ვინც გამოხატა ეჭვი იმის გამო, რა უფრო ვნებას მოუტანდა საქართველოს პოლიტიკურად, ფარაჯანოვის საზღვარგარეთ გაშვება თუ არგაშვება. ამ ორიდან ერთი მე გახლდით. ვთქვი, რომ ნებისმიერი აკრძალვა საზღვარგარეთ წასვლაზე ისეთი გახმაურებული პიროვნებისთვის, როგორიც ფარაჯანოვია, მოიტანდა უფრო ნეგატივს, ვიდრე პოზიტივს. შიში იმისა, რომ ის დარჩებოდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად, არ იყო მაინცდამაინც გასათვალისწინებელი ერთი რამის გამო, ფარაჯანოვზე არანაკლები მოღვაწეები, მაგალითად, ნურიევი, ბარიშნიკოვი და სხვები დარჩნენ და არ დანგრეულა ქვეყანა. თუ დარჩება და დარჩება-მეთქი. თუ არ უნდა და არ უნდა.

 

ეტყობა, მე ახალგაზრდულად მარტივად ვუყურებდი, ისე ყველა „გენიალურობა“ სიმარტივეშია, მე რომ მკითხოთ...

 

მაშინ როგორ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა თხუთმეტი წელი და ფარაჯანოვის საზღვარგარეთ გაშვება-არგაშვების საკითხი ისევ აქტუალური გახდებოდა.

 

1988 წლის ზაფხულში ისევ წამოიჭრა ეს თემა იმ კომისიაზე. მე უკვე სხვა პოზიციაზე გახლდით, ანუ, როგორც ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ამ სტრუქტურის თავჯდომარე ვიყავი.

 

ამჯერად საკითხი სხვა კუთხით იდგა. ფარაჯანოვს კი აძლევდნენ თანხმობას გამგზავრებაზე, მაგრამ იბლოკებოდა მისი სავარაუდო  თანამგზავრი. ის არავის არ ედარდებოდა, ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც ეხმარებოდა ფარაჯანოვს, არ ვიცი ოპერატორი იყო, არ იყო ოპერატორი, მაგრამ ფარაჯანოვი კატეგორიულად უარს აცხადებდა მის გარეშე წასვლაზე.

 

ძალიან დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ უშიშროების სამსახური იმ ბიჭუნას დაბლოკვით, ფაქტიურად ფარაჯანოვს ეუბნებოდა უარს. უშიშროების სამსახურის ამ პოზიციას ჰქონდა მხარდაჭერა კომისიის წევრებში, მაგრამ მე ვისარგებლე ჩემი პრაქტიკული მდგომარეობით - ამ კომისიის თავჯდომარეობით და ცალსახად დავიჭირე პრინციპული პოზიცია: ფარაჯანოვი საზღვარგარეთ უნდა წავიდეს! აქვე ვიხუმრე, რომ არ მინდა შევიდე ისტორიაში ისეთ ბედოვლათ პარტჩინოვნიკად, რომელმაც აუკრძალა ფარაჯანოვს საზღვარგარეთ წასვლა. ამ გადაწყვეტილებას ხელი მოვაწერე და…

 

რა თქმა უნდა, ამ „ისტორიას“ ღიმილით ვყვები ახლა, მაგრამ მაშინ არ იყო ეს მთლად მარტივი და ღიმილისმომგვრელი პრობლემა და ვითარება. და ეს რომ ასე იყო, სულ მალე დადასტურდა:

 

ფარაჯანოვი მაინც ვერ წავიდა საზღვარგარეთ, ის დაიბლოკა მოსკოვში, შესაბამისი საკავშირო ორგანოების მიერ.

 

ამ ჩემმა პოზიციამ, იმდროინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რაღაცნაირად ნამუსი მოწმინდა. ასევე, ფარაჯანოვმა იგრძნო, რომ საქართველოში იგი მთლად „უპატრონო“ არ იყო, რომ შევარდნაძის დროინდელ მფარველობას მისი შემცვლელი ხელმძღვანელობა აგრძელებდა.

 

ახლა მე წინ გავუსწარი მოვლენებს და დავუბრუნდები უშუალო კონტაქტის თემას.

 

ეს შეხვედრაც არ ყოფილა ჩემი ინიციატივა. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ე.შევარდნაძემ, რომელიც მაშინ იყო რესპუბლიკის პირველი პირი და მკითხა, მე - ტელე-რადიოკომიტეტის თავმჯდომარეს, მაქვს თუ არა წარმოდგენა, ვინ არის ფარაჯანოვი. წყენას თავი რომ დავანებოთ, ცოტა არ იყოს მისგან ეს შეკითხვა კი გამიკვირდა, მაგრამ…  გაუხარდა, თურმე შენ მგონი ჩენზე ბევრი გცოდნიაო.

 

- აი, ჩემთან არის ფარაჯანოვის უახლოესი მეგობარი და მფარველი ეთერ გუგუშვილი და მაგულიანებს შენთან დარეკვას, რომ გთხოვო ფარაჯანოვისთვის დახმარებაო.

 

და, ერთი სიტყვით, საკმაოდ ბევრი მელაპარაკა შექმნილ ვითარებაზე, როცა ტალანტი მოქცეული იყო მარწუხებში და იჯდა უქმად.

 

ქალბატონ ეთერ გუგუშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ეს იყო უვაჟკაცესი ქალი, ინტელექტუალი, თეატრალური ინსტიტუტის (მაშინ ასე იწოდებოდა) რექტორი, ცნობილი ქართველი კრიტიკოსის ბესო ჟღენტის მეუღლე.

 

გარდა პირადული ურთიერთობისა, ვთანამშრომლობდი კიდეც მასთან.

 

ეს ის პერიოდია, როცა ჩემი ინიციატივით თეატრალურ ინსტიტუტში გაიხსნა ტელევიზიის სარეჟისორო სპეციალობა. ჩვენ საკავშირო დონეზე მოვიძიეთ საჭირო თანხები, ჩვენ ტელევიზიას და რადიოს მოვაკელი ბიუჯეტიდან ფული და დავაფინანსეთ ამ სპეციალობის დაარსება თეატრალურ ინსტიტუტში. ასევე, ჩვენ თანამშრომლებს -ქართული ესტრადის ამომავალ ვარსკვლავებს გზა გაუხსნა შესაბამის ფაკულტეტზე სწავლებისთვის. მაგრამ, ფარაჯანოვისთვის მხარდაჭერას თუ არ ექნებოდა უმაღლესი პოლიტიკური „ქოლგა“, მარტო ჩემი კეთილგანწყობა ვერ იკმარებდა.

 

ასე რომ, ქალბატონმა ეთერმა სწორად გათვალა მისი თხოვნის შესრულების პერსპექტივა, მიმართა შევარდნაძეს, თან ფსონი დადო ჩვენს პარტნიორულ და პიროვნული ურთიერთობაზე…

 

ეს ის პერიოდია, როცა ფარაჯანოვი ყრუდ არის დაბლოკილი, მას არ აძლევენ ფილმს გადასაღებად. შევარდნაძემ სწორედ ეს მითხრა, ეგებ გამოვიყვანოთ ეს უნიჭიერესი კაცი ამ ჩაკეტილი სივრციდან და მოიფიქრო რამე, რომ მან რაიმე ფილმი გადაიღოსო… მიმანიშნა, რომ ჩვენი მხრიდან ამ თბილისელი სომეხი კაცისთვის მხარდაჭერა, საქართველოს მეზობელ ქვეყანასა და კინოსამყაროში მეგობრებს მოუმრავლებს და…

 

- ყოველივე ეს არ ჩათვალო მარტო ქალბატონი ეთერის სურვილად, თხოვნად და, - მისთვის ჩვეული გურული იუმორით დაამატა: მეც გავერევი მაგ მარაქაში და ჩემს პირად თხოვნად ჩათვალო ეს სატელეფონო ზარიო…

 

ბუნებრივია, შევარდნაძეს შეუძლია დამავალოს, მაგრამ ძალიან კარგად იცის, რომ ოფიციალური გზებით, მაგიდაზე ხელის დარტყმით, მოთხოვნით, პარტიული დისციპლინით, არაფერი არ კეთდება ეგეთ დროს.

 

იყვნენ ორგანოები და სტრუქტურები, უწინარესად, მოსკოვში - კინემატოგრაფიის კომიტეტი და ტელევიზია, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ გამოეყენებინათ სერგოს ტალანტი, ნიჭიერება და უმალ დაიბლოკებოდა ფარაჯანოვთან დაკავშირებული ნებისმიერი ინიციატივა.

 

შევარდნაძემ ყველაზე კარგად იცოდა ფილმის პარტიზანულად გადაღების ჩვენეული „გამოცდილება“. სხვათა შორის, სწორედ მაშინ მიმდინარეობდა „მონანიების“ სწორედ „პარტიზანულად“ გადაღება, რომელიც საქტელერადიოს დაკვეთით მიმდინარეობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“.

 

ყველა რისკი, პასუხისმგებლობა, როგორც იტყვიან, ამ ფილმის მთელი ავან-ჩავანი, ტელევიზიის და რადიოს სახელმწიფო კომიტეტზე, ანუ, ჩემზე გადადიოდა, მიუხედავად მოსკოვური სტრუქტურების აკრძალვისა და დაფინანსების არარსებობისა. ასე რომ, მარყუჟში თავი გაყოფილი იყო და მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ერთი ფილმისთვის „ჩამომახრჩობდნენ“ თუ ორისთვის.

 

დავპირდი, შევეცდები, რამე მოვიფიქრო-მეთქი. მე და ქალბატონი ეთერი შევხვდით. დავაზუსტეთ რაღაც დეტალები, ზოგიერთი ისეთი რამ, რაც არ ვიცოდი. მე ვუთხარი, ნებისმიერ დროს ბატონ სერგოს შეუძლია მობრძანდეს ტელევიზიაში, შევხვდები, ვისაუბრებთ. თუ დამპატიჟებს, მე მივალ, რომ არ იფიქროს, რომ არიქა უნდა მეახლოს.

 

და ერთ მშვენიერ დღეს, ქალბატონმა ეთერმა დამირეკა და მითხრა, როდის შეიძლება ბატონ სერგოსთან შეხვედრაო? მე ვუთხარი,  თუ უნდა ახლა მოვიდეს, გადავდებ ყველაფერს და შევხვდები. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებდი ჩემს პატივისცემას სერგოსადმი.

 

მოვიდა სერგო. ძალიან კარგი, საინტერესო, თბილი შეხვედრა გვქონდა. საერთო ენაც მოვძებნეთ. ეს მინისტრის და რეჟისორის შეხვედრა კი არ იყო, არამედ იმ ორი ადამიანისა, რომლებიც დაინტერესებული არიან პრობლემის გადაჭრით. მივედით ერთადერთ დასკვნამდე: სერგო არ იყო მზად ფილმის გადასაღებად.

 

რა გაგებით არ იყო მზად? სცენარი არ ჰქონდა და ფილმის გადაღების მისი სურვილი ჯერ მხოლოდ ფანტაზია გახლდათ.

 

შევთანხმდით, რომ თვენახევრის შემდეგ შევხვდებოდით და მოვილაპარაკებდით უკვე კონკრეტულად.

 

სერგოს ჰქონდა არჩევანი რამდენიმე სცენარისა, როგორც თვითონ მითხრა, მე მოვიფიქრებო.  მე კი მოვთხოვე, სცენართან ერთად წარმოედგინა დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვა და მივეცი პირობა, რომ დანარჩენი ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა. იქვე დავამატე:

 

რაც არ უნდა დიდი ფანტაზია და სურვილი გქონდეს, თუ ფული არ არის, ვერ გადაიღებ ვერაფერს-მეთქი.

 

ამ ნათქვამმა ერთობ გაახარა და ერთი საინტერესო ფრაზა მითხრა: - მე აქედან ძალიან კმაყოფილი წავალ ამ ბოლო წინადადებით, რადგან შენ იმდენად გინდა, რომ მომეხმარო, უკვე ხარჯთაღრიცხვაზე მელაპარაკებიო. ორივეს გაგვეცინა.

 

თვენახევარში დამირეკა და მოვიდა. შევატყვე, რომ რაღაცის თქმა ერიდებოდა... ბოლოს მითხრა - კიევის კინოსტუდიიდან მაქვს წინადადება მიღებული, უკრაინას ცოტა მეტი გაბედულება და  მეტი საშუალება აქვს და მე მივიღე ეს წინადადებაო. უნდა გავფრინდე კიევს და არ ვიკადრე უშენოდ წასვლა. ჯერ მინდა საქმის კურსში ჩაგაყენო, რომ ჩემ გარშემო ასეთი რამე ხდებაო...

 

ვუპასუხე: გზას დაგილოცავ, მაგრამ იცოდე და ამის ვაჟკაცურ სიტყვას გაძლევ: რომ ჩვენი მოლაპარაკება ძალაში რჩება. გამოგივა უკრაინაში ეს საქმე, კეთილი და პატიოსანი, სიხარულის მეტი რა შეიძლება მომიტანოს ამ ინფორმაციამ და თუ არ გამოგივა, იცოდე, რომ შენს ზურგს უკან დგას საქართველო, შევარდნაძე, ეთერ გუგუშვილი და, ბოლო-ბოლო   ტელე-რადიოკომიტეტი-მეთქი... რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ისეთი თავისუფლები, რომ როგორც გვსურს ისე ვიქცეოდეთ,   მაგრამ იცოდე, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შენ ფილმი გადაიღო. ამას როგორ მოვახერხებ, ეს სხვა თემაა, ეს შენი პრობლემა არ არის-თქო...

 

ძალიან გახარებული წავიდა და რამდენადაც ვიცი, უკრაინაში მან ფილმი გადაიღო. აი, ეს იყო ჩემი კონტაქტი ფარაჯანოვთან. ერთი-ორჯერ შემომითვალა მოკითხვა ქალბატონი ეთერის საშუალებით, შემდეგ სხვების მეშვეობითაც.

 

მოსკოვში ერთ-ერთი ვიზიტის დროს დამხვდა წინ მისი მონაყოლიც, სავსე სიკეთით და თბილად განწყობილი ჩემდამი კომპლიმენტი: არ ჰგავს ვიღაც ჩინოვნიკებსო.

 

ეს იყო და ეს.

 

რა თქმა უნდა, იყო დიდი ხელოვანი, დიდი ოსტატი - მაესტრო.

 

საინტერესოა მისი მეგობრობა და ურთიერთობა სოფიკო ჭიაურელთანაც. სოფიკო და კოტე მახარაძე ჩემი უახლოესი ადამიანები იყვნენ და რაღაცეები იმათგანაც ვიცოდი.

 

ერთი სიტყვით, სხვა(!) დრო იყო. ამ სხვა დროში ის ეძებდა თავის ადგილს და, ვგონებ, იპოვა კიდეც. ის იყო თავისუფალი(!) ადამიანი. ამ სიტყვის ზემაღალი გაგებით. და ამ თავისუფლებას ზოგჯერ მაინც სჭირდებოდა, ასე ვთქვათ, რაღაც „ხარკის“ გადახდა და ეს „ხარკი“ გაიღებოდა ხან შემოქმედების მხრიდან, ხან „სხვა“ რამით, თუნდაც „მოძრაობის“ შეზღუდვით...

 

და მაინც, ყველა წინააღმდეგობის და ყველა სიძნელის მიუხედავად, რეალობას მოევლინა იმ ეპოქისა და იმ წყობისთვის განსხვავებული დიდი კინო, რომლის ავტორი სერგო ფარაჯანოვი გახლდათ და იგი დარჩა საქართველოს კულტურული ცხოვრების ისტორიასა და მსოფლიო კინემატოგრაფში, როგორც ერთ-ერთი უნიჭიერესი, უშველებელი ტალანტის მქონე ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner