ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბახმუტისა და სოლედარის გარშემო სასტიკი ბრძოლები ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს უკრაინული ძალების სიმამაცეს მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი სამშობლოს დასაცავად. ეს ასევე ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა, სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
10 იანვარს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის დაცვას.
„სოლედარს შესანარჩუნებლად მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტერი არ ითვალისწინებს თავისი პირადი შემადგენლობის დიდ დანაკარგებს და აგრძელებს აქტიურ შტურმს. ჩვენი პოზიციების მისადგომები მტრის ჯარისკაცების ცხედრებითაა სავსე“, - აღნიშნა ანა მალიარმა.