logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: სწორედ ამ დღეს, 1937 წლის 12 იანვარს დაიბადა შესანიშნავი კაცი - მიშა მესხი!!!
- +

12 იანვარი. 2023. 11:39

 

 

ძალიან დილა მშვიდობის!!!

 

დღეს ყველა „გაპრანჭულის“ ჯინაზე, აივანზე გავალ მაისურში, ჩემს საყვარელ შორტებში  და ბუცებით (რომელიც არა მაქვს). არა უშავს, შევცვლი სასაცილო შინდისფერი კედებით (რომელიც მაქვს), რადგანაც  სწორედ ამ დღეს, 1937 წლის 12 იანვარს  დაიბადა შესანიშნავი კაცი - მიშა მესხი!!!

 

მე ფეხბურთში „სტარიკ ხატაბიჩივით“ ვერკვევი და სულ მიკვირს, 22 კაცი ერთ ბურთს რატომ დასდევს, მაგრამ ცნობილი ჟურნალისტი ლევ ფილატოვი ამბობდა, მიშა ისეთ ლამაზ რაღაცეებს აკეთებდა სტადიონზე, ხალხი ხარხარებდაო... სავარაუდოდ, ამის გამო, ზოგი მწვრთნელი, რომელსაც იუმორის გრძნობა არ ჰქონდა, უბრალოდ, ვერ აფასებდა...

 

თუკი ბრაზილიურ ფეხბურთში არსებობდა „გარინჩას ფინტი“. ამხელა საბჭოთა კავშირში ყველასთვის იყო ცნობილი  თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი, მიხეილ მესხის „ფინტი“. ჰყვებიან, რომ მან ის პირველად გამოიყენა ჩეხეთის გუნდთან მეგობრულ მატჩში და ისეთი ეფექტი ჰქონდა, რომ მაყურებლებს სულ არ ახსოვდა თამაშის  ანგარიში...

 

ყველა იმ ფინტზე საუბრობდა...

 

იცით, ახლა ისეთ რაღაცას გეტყვით, გულს გაგითბობთ და მიხარია წინასწარ - მიშას სხვანაირად განსხვავებული თამაშის სტილი განპირობებული იყო არა მხოლოდ მისი ვარჯიშებით, ის ბავშვობაში დასდევდა პეპლებს...

 

აი, კაცი პეპლებს რომ დასდევს, სულ სხვანაირია...

 

ალბათ, პეპლური...

 

მის თამაშებზე დადიოდნენ როგორც თეატრში - მსახიობი იყო და იმიტომ...

 

კიდევ ერთი შესანიშნავი ისტორია - მიშა მესხს აცილებდნენ 1969 წელს, „დინამოსა“ და ურუგვაის „ნასიონალეს“ მატჩის დროს...

 

როდესაც შესვენებაში „დინამოელებმა“ მიშა ხელში აიყვანეს, ურუგვაელმა მწვრთნელმა იფიქრა, რომ საბჭოთა კავშირში ასე ესალმებიან ფეხბურთელებს... როდესაც აუხსნეს, რომ მესხი მიდის, გაკვირვებულმა განაცხადა - „როგორ, ის მიდის და ესენი რჩებიანო?“

 

ჩვენი საყვარელი კოტე მახარაძე მიშაზე ჰყვებდა, რომ ის არასდროს არ იყო სტანდარტული და მისთვის „შაბლონით“ თამაში იყო მიუღებელი... ცხოვრებაში დიდი პოპულარობის მიუხედავად, ის რჩებოდა თავმდაბალ ადამიანად, თანაც იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა...

 

ზურიკო სოტკილავა, რომელიც  50-იან წლებში თბილისის „დინამოს“ მცველი იყო (მერე რა, ზოგჯერ შესანიშნავი ტენორებიც თამაშობენ ფეხბურთს), იხსენებდა, რომ ერთხელ „დინამო“ მოსკოვში განათავსეს  საერთო საცხოვრებელში, ბელორუსკი სადგურის გვერდით და საღამოს მიშა გავიდა პარკში, ლამაზი ქალბატონების გასაცნობად... ლამაზი ქალბატონების ნაცვლად, მასთან მივიდა ორი დანიანი ხულიგანი... მიშამ განაცხადა -„ბიჭებო, მე ვარ ვაჭარი... ფული შენახული მაქვს საერთო საცხოვრებელში... წავიდეთ და მოგცემთ“... დაიჯერეს, იქ კი დახვდათ ზურიკო და კიდევ 20 ქართველი...

 

თბილისის „დინამოში“ თამაშობდა ცენტრალური თავდამსხმელი, ზაურ კალოევი, რომელიც ხშირად თავით აგდებდა ბადეში ბურთებს, მიშას გადაცემის შემდეგ...

 

ყველა რომ ულოცავდა, მესხი ამატებდა - „ეს კალოევმა კი არ გაიტანა გოლიო, მე მოვახვედრე ბურთი თავშიო“.

 

ცნობილი კომენტატორი ვლადიმერ მასლაჩენკო იხსენებს, რომ ერთხელ ჩილიში პლაჟზე მიუწვა მესხი... მე ვკითხეო - „შენ, ალბათ საქართველოში პირველი კაცი ხარ“? ასე მიპასუხა - „არაო, პირველი - მჟავანაძეაო, მე მეორე ვარო“... ამ დროს  პლაჟთან „ჩაიშრიალა“ შესანიშნავმა ლიმუზინმა და მიშამ მითხრაო - „აი, ასეთი მანქანა რომ მეყოლება, მე ვიქნები პირველი და მჟავანაძე მეორეო“...

 

ძალიან მომწონს ბატონი შოთა იამანიძის მოგონება ... თურმე მიშა მესხის ერთერთი მეგობარი ჰყვებოდა, რომ ერთი-ერთზე მიშას მოუგო ფეხბურთში...

 

„ხომ მართალია?“ - მიმართა მან მიშას...

 

 მიშამ კი უპასუხა - „მართალი კი არის, მაგრამ, ვინ დაგიჯერებსო?“

 

აი ასეთი განსაკუთრებული ადამინები გვყავდა სპორტში, ხელოვნებაში და ცხოვრებაში...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და განსაკუთრებულ დღეს!!!

 

დიდი ბოდიში, სსრკ-ს მაისურებისთვის... ვერაფრით ვერ დავფარე...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner