„ცდილობთ, უკრაინის თემაც სპეკულაციურად და ამაზრზენად გამოიყენოთ, არადა, თქვენი ბელადის დედას თუ დავუჯერებთ, პირველ რიგში რუსების პოზიცია გაინტერესებთ და მასალებსაც მშვენივრად იღებენ ოკუპანტებისგან თქვენი ტელევიზიები“, - ამ სიტყვებით პასუხობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია „ნაცმოძრაობის“ დეპუტატს თემურ ჯანაშიას, რომლის თქმით, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წინ, რუსული სტრატეგიული ბომბდამშენის ფრაგმენტია, რომელიც უკრაინული წარმოების „ბუკით“ არის ჩამოგდებული.
ბერაია შეახსენებს თემურ ჯანაშიას, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება მალავდა „ისკანდერის“ ნაწილებს, რათა ქვეყანას სტრასბურგში და ჰააგაში პროცესები არ მოეგო.
მისივე თქმით, ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ფრთის ფრაგმენტი ქართული ჯარის გმირობის ერთ-ერთი სიმბოლოა და ამიტომაცაა კომიტეტის სივრცეში გამოფენილი.
„ეგ თქვენ მალავდით „ისკანდერის“ ნაწილებს, სტრასბურგში და ჰააგაში პროცესები რომ არ მოგვეგო! „ბუკებს“ რაც შეეხება, დიდი ფული არის მაგ „ბუკებში“ გადახდილიც, ნაჭამიც და არც მაგის გახსენებას გირჩევდით! ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ფრთის ფრაგმენტი ქართული ჯარის გმირობის ერთ-ერთი სიმბოლოა და ამიტომაც გვაქვს კომიტეტის სივრცეში გამოფენილი. ეგ იცით და მაგით სპეკულირებასაც კადრულობთ! ყველა უნიჭო და ბოროტი პიარსვლა უკან გიტრიალდებათ და ჭკუა მაინც ვერ ისწავლეთ! კიდევ თქვენს მიერ გაღმა შედავებისთვის გამოგონილ რუსულ თემას აწვებით, ცდილობთ, უკრაინის თემაც სპეკულაციურად და ამაზრზენად გამოიყენოთ, არადა, თქვენი ბელადის დედას თუ დავუჯერებთ, პირველ რიგში რუსების პოზიცია გაინტერესებთ და მასალებსაც მშვენივრად იღებენ ოკუპანტებისგან თქვენი ტელევიზიები…“ - წერს ირაკლი ბერაია ფეისბუქზე.