მთელი ქართული აგენტოკრატია ერთხმად გამოენთო ზაზა შათირიშვილის წერილის შინაარსის (სადაც ის მსოფლიო პოლიტიკაზე ზემძლავრი ამერიკული ოჯახების გავლენებზე საუბრობს) არა გასაკრიტიკებლად, არამედ გასაპროტესტებლად, დასაგმობად და ქარცეცხლში გასატარებლად. დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმის დანახვას, რომ ბატონი ზაზას წერილში მხილებულ არაფორმალურ მმართველობაზე დაქირავებულთა ის არმია შფოთავს, რომელსაც „საქართველოში არაფორმალური მმართველობის მხილება“ გაუხდია სარჩოს მოპოვების გზად და საშუალებად.
საინტერესო ისაა, რომ „კრიტიკოსები“ ფაქტებისა და არგუმენტების „გასაბათილებლად“ იმ ცნობილ სიტყვათა წყობას იყენებენ, რომელთა წარმოშობის ისტორია და დანიშნულება ბატონმა ზაზამ მეორე დღეს გამოქვეყნებულ მორიგ წერილში ზედმიწევნით ახსნა. ეს სიტყვებია - „შეთქმულების თეორია“(!). როცა კონტრარგუმენტები არ მოგეპოვება, ძალიან მოსახერხებელია, შენთვის არასასურველ მოსაზრებებს წინასწარ მომზადებული კლიშე შეაგებო და კიდევ უკეთესი, თუ ამას ირონიულ ინტონაციასაც მოარგებ.
ბომბი წერილის ავტორი, ოპონენტებისგან განსხვავებით, ფაქტებით საუბრობს, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ ბაიდენი არ მართავს ამერიკას. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „მძინარე ჯო“ ამ დიდი ამოცანის შესრულებისთვის სრულიად უუნაროა. აღნიშნულთან დაკავშირებით, წერილში ერთი მეტად საინტერესო ვარაუდია გამოთქმული - „ბაიდენის პრეზიდენტობა იმის მაუწყებელია, რომ არაფორმალური მმართველობის აღქმის შექმნა ოჯახებს სრულიად შეგნებულად და მთელი მსოფლიოს დასანახად სურთ“.
დამოუკიდებელი, ანუ „ურჩი“ დონალდ ტრამპის პოლიტიკიდან განდევნის მცდელობის დღემდე მიმდინარე პროცესი, პოლიტიკაში „უხილავი ხელის“ როლს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.
როცა კენედის საქმის მაგალითზე, „ფოქს ნიუსის“ მეტად ავტორიტეტული ჟურნალისტი ასკვნის, რომ „ამერიკას მართავენ ძალები, რომლებიც დემოკრატიული კონტროლის მიღმა მოქმედებენ“, უცხო ქვეყნებიდან მართვადი ქართველი ენჯეო-აქტივისტები, ფსევდო-ჟურნალისტები და ფსევდო-ექსპერტები ზაზა შათირიშვილის მისამართით იწყებენ ქილიკს.
როცა ზაზა შათირიშვილი, თავისი არგუმენტების გამყარების მიზნით, ხსენებული ამერიკელი ჟურნალისტის კიდევ უფრო შორს მიმავალ დასკვნებს იშველიებს, რომ „ეს ძალები, სინამდვილეში, ბევრად უფრო ფართო ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ფორმალურად მათ კონტროლზე არიან პასუხისმგებელი“, ქართველი აგენტოკრატები ქართველ პუბლიცისტს ანტიამერიკელის იარლიყს აკერებენ.
როცა ამერიკელი ჟურნალისტი დემოკრატიული სისტემებისთვის ყველაზე მძიმე ბრალდებებით გამოდის და ამერიკელ „იატაკქვეშელებს“ ამხელს დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპების ფეხქვეშ გათელვაში - „ისინი ახდენენ გავლენას არჩევნების შედეგებზე და ქმნიან მთავრობას მთავრობაში“, რასაც თვითონვე „დემოკრატიის იდეის დაცინვას“ უწოდებს, ჩვენი სხვისი ხელისბიჭები ისევ ზაზა შათირიშვილს უპრუწავენ ტუჩებს, მოსკოვის დავალებებს ასრულებო.
ვისაც არც ფაქტების სჯერა და არც აღქმების („ტაბელურ იარაღად“ რომ აქვთ ქცეული), ვეცდები, სამეცნიერო თეორიებით გამყარებული ანალიზით ავუხილო დონორების კარნახს მინდობილი თვალები:
ცნობილია, რომ სახელმწიფოს განვითარების ბაზისი არის ეკონომიკა, ხოლო პოლიტიკა მისი ერთ-ერთი ზედნაშენი. ეს აქსიომური ჭეშმარიტება თავის თავში მოიცავს დიდ ალბათობას იმისა, რომ თუკი რომელიმე მსხვილი ტრანს-ეკონომიკური კორპორაციის მამებს მოერევათ სურვილი, პოლიტიკაზე გავლენა მოიპოვონ და ამისთვის გაიღებენ შესაბამისი რაოდენობის ფინანსურ რესურსს, ისინი ამას წარმატებით მოახერხებენ. მითუმეტეს, ამას მოახერხებენ აღნიშნული მიზნით გაერთიანებული (თუნდაც სამი-ოთხი კორპორაციისგან შემდგარი) სუბიექტები.
ვის ვის და საქართველოში მცხოვრებ ადამიანს სწორედ რომ არ უნდა უკვირდეს პოლიტიკაში არაფორმალური მმართველობების არსებობის შესაძლებლობა - ჩვენი ყოველდღიურობაა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში კრემლის რეჟიმის არაფორმალური მმართველობები და ე.წ. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში მოქმედი ორმაგი არაფორმალური მმართველობა, ერთი მხრივ, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისა და მეორე მხრივ, მისი ზემდგომი, ამერიკის ელჩის მონაწილეობით.
სამივე შემთხვევაში არაფორმალურ მმართველობას განაპირობებს შესაძლებლობები და არაფორმალური მმართველების ნება და ინტერესი. საბოლოოდ, ყველა კონკრეტულ მოცემულობაში, მსჯელობა უნდა ემსახურებოდეს არა იმას, მმართველობის ამგვარი ფორმა შესაძლებელია თუ არა, არამედ იმის ახსნას და დასაბუთებას, თუ რამდენად არსებობს ასეთი ნება და ინტერესი.
ზაზა შათირიშვილისგან ველით შეპირებულ ახალ ფაქტებსა და ახალ არგუმენტებს. საპოპკორნე მოლოდინს ნუ გაიჩენთ, ჩვენ გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის მებრძოლი ზესახელმწიფოებისგან მომდინარე განადგურების საფრთხეებისგან თავის დაცვას ვცდილობთ მხოლოდ. ეს ბრძოლაა, სადაც ჩვენი იარაღი სიმართლეა და არაფერი სიმართლის გარდა.
ბიძინა დვალი
12.01.2023 წ.