„უკრაინელმა ჯამბაზმა, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ყველა არსებული წითელი ხაზი გადაკვეთა. პოდოლიაკი ცნობილია ანტიქართული განცხადებებით, მაგრამ გუშინდელ დღემდე მის უკმაყოფილებას მხოლოდ მმართველი გუნდი იწვევდა, გუშინ კი ქართველი ხალხი შეურაცხყო, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე უკრაინის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას რომლის თანახმად პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ „ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია“.
მისი თქმით, პოდოლიაკს არ აქვს უფლება, ქართველი ხალხის არჩევანი ეჭვქვეშ დააყენოს:
„პოდოლიაკის განცხადებით, „ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია“. პოდოლიაკს არ აქვს უფლება, ქართველი ხალხი/ ქართველი ამომრჩეველი შეურაცხყოს და მათი არჩევანი ეჭვქვეშ დააყენოს. მორალურად მესმის ქართველი თანამდებობის პირების, რომლებიც უკრაინელთა მსგავს განცხადებებს უპასუხოდ ტოვებენ, რადგან უკრაინა ომშია და არ სურთ ომში მყოფი ქვეყნის ღია კრიტიკა, მაგრამ ომი გამამართლებელ საბაბად ვერ და არ გამოდგება. ისეთ ნაძირალას, როგორიც პოდოლიაკია, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. აუცილებელია კასიანოვის დაბარება და მისგან ახსნა-განმარტების მოსმენა, საპროტესტო ნოტის გადაცემა და ა.შ. როდემდე ვითმინოთ უკრაინელთა აბსურდული განცხადებები და მენტორული ტონი? საკმარისია, არცერთი სიტყვის გატარება არ შეიძლება!“ - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.