მოლდოვამ შეასრულა 16 პუნქტი 35-დან, რომლებიც 2022 წლის ბოლომდე ევროინტეგრაციის პროცესის წინ წასაწევად უნდა შეგვესრულებინა, კიდევ 9 მიმართულებით ქვეყანა დასკვნით ეტაპზე იმყოფება, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
ევროპული ინტეგრაციის ეროვნული კომისიის სხდომაზე გაიმართა მსჯელობა ევროკავშირის მიერ დასახელებული 9 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. შესრულებულ პუნქტებს შორისაა ახალის საარჩევნო კოდექსის მიღებაც, რომელიც 2023 წლის 1 იანვარს ამოქმედდა.
დასკვნით ეტაპზეა 9 პუნქტი, მათ შორის „მაგისტრატურის უმაღლეს საბჭოში“ და „პროკურორების უმაღლეს საბჭოში“ კანდიდატების რიგგარეშე შეფასება, ანტიკორუფციული პროკურატურისა და კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ზუსტი დადგენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
ასევე დასკვნით ეტაპზეა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკას, ეკონომიკასა და მედიას ოლიგარქების გავლენისგან გაათავისუფლებს.
მაია სანდუმ განაცხადა, რომ ყველა აქამდე შეუსრულებულ პუნქტზე მუშაობა მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მან მოუწოდა პასუხისმგებელ უწყებებს, უფრო სწრაფად იმუშაონ აღნიშნული მიმართულებით.
„ევროპული ინტეგრაცია უზრუნველყოფს მშვიდობას, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას და აამაღლებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ამ პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა ყველას შეგვიძლია“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.