logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: წარმოგიდგენთ უნიკალურ ფოტოს, რომელზეც ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ნინო ნაკაშიძეა აღბეჭდილი
- +

13 იანვარი. 2023. 15:46

 

 

დღეს წარმოგიდგენთ უნიკალურ ფოტოს ჩვენი საოჯახო არქივიდან, რომელზეც დღევანდელი იუბილარი, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ნინო ნაკაშიძეა აღბეჭდილი.  ფოტო გადაღებულია ქალბატონი ნინოს სახლში, 1962 წლის 14 იანვარს, როდესაც ბავშვები, მათ შორის ჩემი მეუღლე, მურაზ ჭუმბურიძე, სახლში ესტუმრნენ და 90 წლის იუბილე მიულოცეს საყვარელ მწერალს.

 

ფოტოზე მარცხნიდან პირველი არის ქ-ნი სირა ჭიჭინაძე, მურაზის ბებიდა, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო, იქვე ზის მურაზი, დგანან ლაშა ძიძიგური და ზურაბ აბაშიძე. სამწუხაროდ, დანარჩენი პატარების ვინაობა ჩემთვის უცნობია.

 

ყველაფერი კი 151 წლის წინ დაიწყო:

 

1872 წლის 13 იანვარს სოფელ ბახვში დაიბადა პირველი საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“, პირველი ქართული საბავშვო ბაღისა და პირველი ქართული საბავშვო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი, სახელოვანი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ნინო ნაკაშიძე (ქალიშვილობაში - ანთაძე). მისი მეუღლე გახლდათ ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ილია ნაკაშიძე, რომელიც ნიკო მარის თანაკლასელი და ლევ ტოლსტოის მეგობარი იყო. გარკვეული ხანი წყვილი მოსკოვში ცხოვრობდა და იწერება, რომ ტოლსტოი არაერთხელ დაეხმარა ნაკაშიძეების ოჯახს.

 

1903 წელს ნინო და ილია ნაკაშიძეები საქართველოში დაბრუნდნენ. ნინომ დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; წერდა და აქვეყნებდა საბავშვო ლექსებსა და საყმაწვილო მოთხრობებს. ამასთან, იგი მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში და გურიის ჯანყში.  რევოლუციის დამარცხების შემდგომ ნაკაშიძეები დააპატიმრეს, მერე კი ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც მალევე გაათავისუფლეს.

 

1910 წელს, ახლანდელი თბილისის უნივერსიტეტის ორ ოთახში,  ნინო ნაკაშიძის თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული საბავშვო ბაღი, რომელსაც ყოველთვიურ თანხას სწირავდა იაკობ გოგებაშვილი.

 

ნინო ნაკაშიძე დაახლოებით 20 წელი რედაქტორობდა ჟურნალ „ნაკადულს“, რომელშიც სხვადასხვა დროს იბეჭდებოდნენ: ვაჟა, აკაკი, შიო მღვიმელი, ნიკო ლომოური, იაკობ გოგებაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, შალვა დადიანი, ლეო ქიაჩელი, იოსებ ნონეშვილი და ა.შ.

 

ნინო ნაკაშიძის კალამს ეკუთვნის რამდენიმე საბავშვო ლექსი და მოთხრობა, პიესები და მოგონებები, მათ შორის ტოლსტოიზე. მან თარგმნა დიკენსის, ანდერსენის, თაგორის, ტოლსტოის და მრავალი სხვა მწერლის ნაწარმოებები.

 

1908 წელს ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო მუნჯი ფილმი „ვინ არის დამნაშავე?“,  ნინო ნაკაშიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. ფილმის მხატვარი იყო დიმიტრი შევარდნაძე, ხოლო მთავარ როლებს ასრულებდნენ ქართული კონოს ვარსკვლავები: ნატო ვაჩნაძე, კოტე მიქაბერიძე, ცეცილია წუწუნავა, კაკო ხინთიბიძე, დიმიტრი ყიფიანი, მიხეილ გელოვანი, ლევან ხოტივარი და ა.შ.

 

91 წლის ნინო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963 წელს. იგი დაიკრძალა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, განუყრელი მეუღლის - ილია ნაკაშიძის გვერდით.

 

ნათელში ყოფილიყოს ორი დიდებული ქართველის სული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner