„მაესტროში" არხის ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მივიდა, თუმცა ის ტელეკომპანიის შენობაში არ შეუშვეს. გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გვერდით მდებარე კაფეში შეხვდა „ბიზნეს - კონტაქტის" ავტორსა და წამყვანს, გიორგი ისაკაძეს და არხის ფინანსურ დირექტორს თემურ გაჩეჩილაძეს.
„საუბრის 2 მთავარი თემა გვქონდა -1 თემა არის გადაბარების საკითხი, რომელიც მრავალმხრივია და მას სჭირდება აუდიტი, ინვენტარიზაცია, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ფინანსური გეგმები. ბატონი თემური დამპირდა, რომ ჩვენს შორის იქნება თანამშრომლობა და ჰარმონია.
მე და გიორგი ისაკაძე შესაძლოა, გარკვეულ ვადაში ერთმანეთს დავემშვიდობოთ მისი ინიციატივით. მაგრამ მანამდე დაგეგმილი გვაქვს სერიოზული შეხვედრები. „მაესტროს" დღევანდელი ეთერი არის შპს. „სტუდია მაესტროს" პროდუქტი. შპს „სტუდია მაესტროს" პროდუქტს აქვს 10 მილიონიანი შემოსავალი. აქედან გამომდინარე, ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ამოცანაა, არ დაზიანდეს მისი შემოსავლები. ეს დააზიანებს თითოეული თანამშომლის ჯიბეს. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.