უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს რამდენიმე მიმართულებით იგერიებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში. ოფიციალური კიევი ამ დრომდე არ ადასტურებს ქალაქ სოლედარზე კონტროლის დაკარგვას და აცხადებს, რომ რუსული ძალები ბრძოლის ველზე მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
რუსული ტერორის შესაჩერებლად პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტი.
„შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? - კი. შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, ვიდრე უკრაინაში ბრძოლის ველზე? - სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? - ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი მეომრები ასე ელიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
დნეპროპეტროვსკში რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.
„რუსეთმა მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე. დნეპროპეტროვსკში მათ საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. სამწუხაროდ არის მსხვერპლი. მინდა თანავუგრძნო დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დნეპროპეტროვსკში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.