logo_geo
eng_logo
ეროვნულ მუზეუმსა და სამხატვრო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

17 იანვარი. 2023. 00:18

 


„საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა“ და სსიპ „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მუზეუმთა ჯგუფის (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ითანამშრომლებენ კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში, დაგეგმავენ და განახორციელებენ კულტურული ფასეულობების შესწავლისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო ერთობლივ ღონისძიებებს. მემორანდუმის მიზანია, მხარეთა ერთობლივმა საქმიანობამ ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების დონის ამაღლებას, შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას/აღზრდას, სტუდენტების, მეცნიერებისა და აკადემიური პერსონალის საქმიანობას.

ამასთანავე, ეროვნული მუზეუმი აკადემიას გაუზიარებს გამოცდილებას და ხელს შეუწყობს აკადემიის საფონდო, საბიბლიოთეკო და საგამოფენო საქმიანობას, კერძოდ, ეროვნული მუზეუმი, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში შეარჩევს სათანადო ფართს აკადემიის ფონდების განსაზღვრული ვადით შენახვის/დაცვის მიზნით და გამოყოფს პირ(ებ)ს აკადემიის ფონდების შესწავლა-მოწესრიგებაში დახმარების მიზნით.

მემორანდუმით გათვალისწინებულია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და ეროვნული მუზეუმის სხვა მუზეუმებსა და აკადემიის საგამოფენო, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა, ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებული მუზეუმების საფონდო საქმიანობაში აკადემიის სტუდენტების მონაწილეობა და ცოდნის ამაღლება.

მხარეთა თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ეროვნულ მუზეუმში აკადემიის სტუდენტ(ებ)ის პრაქტიკულ საქმიანობასა (მათ შორის - მუდმივი და დროებითი გამოფენების მომზადებასა და გამართვას) და მათთვის ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებულ მუზეუმთა კოლექციების ხელმისაწვდომობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner