გასული კვირა თბილისის მერისთვის დაძაბული იყო. ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო საზოგადოების ვნებათაღელვა არ ჩაცხრა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კვირის პალიტრა" თბილისის მერს დავით ნარმანიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ინვესტორს, რომელსაც ყაზბეგის გამზირზე მიწის ნაკვეთი ეკუთვნის, მერიამ საღი ხეების მოჭრა აუკრძალა და 5 ხის გადარგვა დაავალა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დანარჩენი ხეები ამორტიზებულია და ხმობის პირას არის. და სწორედ, მათ მოჭრაზეა ნებართვა გაცემული.
„ჩვენ კვალიფიციური სპეციალისტების დასკვნას დავეყრდენით, რომელიც ყველა ცალკეულ ხეზეა გაკეთებული და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. თუმცა ჩვენს მიერ გაცემულ ნებართვაზე გაჩნდა თუ არა შეკითხვები, მაშინვე საგამოძიებო ორგანოებს მივმართეთ...
ამ საკითხს კარგად ვიცნობ, ხეებიც ნანახი მაქვს. ინვესტიციის მოცულობაც ვიცი, რაც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს. ვაცხადებ, დასკვნის მიხედვით, მხოლოდ ამორტიზებულ და ხმობის პირას მყოფ ხეებზე გაიცა მოჭრის ნებართვა.
ამასთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. ინვესტორს, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი, საღი ხეების მოჭრა ავუკრძალეთ და კიდევ 5 ხის გადარგვა დავავალეთ. ასე რომ, სწორად მოვიქეცით", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.