პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ სამწუხაროა, რომ გიორგი პაპუაშვილი ასე ასრულებს თავის კარიერას.
კობახიძე არასერიოზულად მიიჩნევს პაპუაშვილის მორიგ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო და პოლიტიკური ლიდერები საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას ეწევიან".
„ის ძალიან ზოგადად საუბრობს რაღაც ზეწოლებზე. თუ რაიმე კონკრეტული ფაქტები აქვს, უნდა ითანამშრომლოს პროკურატურასთან. რაც შეეხება დისკრედიტაციას, თუ სადმე და ვინმეს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია ხდება, ვფიქრობ, ეს პაპუაშვილის ქმედებებით და მისი განცხადებებით არის გამოწვეული, რომელიც, სწორედ კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტაციას ემსახურება. სამწუხაროა, რომ ის თავად ვერ აცნობიერებს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის როლს და ფუნქციას, რომელსაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, კონსტიტუციიდან გამომდინარე. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პოლიტიკური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს და არ შევიდეს პოლიტიკურ დისკუსიაში, ის კი დიდი ხანია გასცდა იმ ფარგლებს, რა ფარგლებსაც მისი მოსამართლის სტატუსი და თანამდებობა უწესებს. თუ ნდობა დაეკარგა სასამართლოს, პირველ რიგში, მისი ქმედებებიდან გამომდინარე. ასე რომ, ძალიან არასაერიოზულად მეჩვენება მე მისი საქციელი", - განაცხადა მანანა კობახიძემ.