ძაღლმა „მაფიამ" იტალიაში მიწისძვრის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მთელი ოჯახი გააღვიძა, რამაც მათი სიცოცხლე იხსნა.
გადარჩენის საოცარ ისტორიას ჰყვება იტალიის ქალაქ ამატრიჩის მცხოვრები ოჯახი, რომელიც ლეკვის წყალობით, გადარჩა. ლეკვმა მიწისძვრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მთელი ოჯახი გააღვიძა, თითქოს მოახლოებული უბედურება იგრძნო.
„მიწისქვეშა ბიძგების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ის ჩვენს ლოგინში ამოხტა და გაცოფებულმა ყეფა დაიწყო. ჩვენ ჯერ გავბრაზდით, რადგან მთელმა ოჯახმა გავიღვიძეთ, ბავშვი კი სულ პატარა გვყავს, მაგრამ უეცრად მიწისძვრა დაიწყო. უცებ მოვახდინეთ რეაგირება, რადგან არ გვეძინა. მთელი ოჯახი ჩვენი პატარა ლეკვის მადლობლებია, მისი წყალობით მოხდა, რომ ახლა ცოცხლები ვართ. რომ გვძინებოდა, ასე უცებ ვერ დავტოვებდით სახლს და ნანგრევებში აღმოვჩნდებოდით", - ჰყვება „მაფიას" პატრონი ლუჩია დილიერი.
აღსანიშნავია, რომ დილიერების ოჯახი ცხოვრობდა ქალაქის ისტორიულ ცენტრში, რომელიც სტიქიური უბედურების დროს მთლიანად განადგურდა.
„ჩვენი სახლი გვერდით გადაწვა. ის ძველი იყო და ვერ გაუძლო დარტყმებს. ახლა მთელი ოჯახით - ჩემი მეუღლითა და შვილით ბანაკში ვცხოვრობთ. მაგრამ ყველაფერი კარგადაა", - ამბობს ოჯახის უფროსი რობერტო.
ამჟამად გადარჩენილი ოჯახი თავის ძაღლთან ერთად ამატრიჩის სპორტულ ბანაკშია განთავსებული, სადაც მიწისძვრისგან დაზიანებული სხვა მცხოვრებლებიც იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ დამანგრეველი მიწისძვრა 24 აგვისტოს ღამეს, იტალიის ქალაქ ამატრიჩიში მოხდა. ამ მიწისძვრის დროს 280 ადამიანი დაიღუპა.
ნანგრევებიდან ხალხის გადარჩენაში მაშველებს სპეციალურად გაწვრთნილი მაშველი ძაღლებიც ეხმარებიან.