საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში, წყალტუბოში საზაფხულო სკოლას ესტუმრა და პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.
პროექტი „შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.
გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამებით წარდგომას და გააქტიურებას ურჩევს.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩეველს რას გეგმავენ დასაქმების, ეკონომიკის, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, რა პოზიცია აქვთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე.
პრეზიდენტი ასევე მიმართავს მედიას, გააქტიურდეს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით.
„მე მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს, გააქტიურდნენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო კამაპნიაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტი გაგვაგებინონ ჩვენ, ამომრჩევლებს, რა უნდა გავაკეთოთ.
პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან და დიალოგი აწარმოონ ხალხთან. როცა აქტიური იქნება ამომრჩეველი, პოლიტიკოსს მოუწევს მისთვის პასუხების გაცემა.
ჩვენი, ამომრჩევლების სახელით, მინდა, მედიასაც ვთხოვო, რომ უფრო გაქტიურდეს და ჰკითხოს პოლიტიკოსებს - რას აპირებენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პროექტი „შენი ხმა ჩვენი მომავალია" საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას ითვალისწინებს, ერთერთ ასეთ სკოლის მონაწილეებს წყალტუბოში დღეს პრეზიდენტი შეხვდა.
„რეალურად თქვენ ქმნით ხვალინდელ, ძლიერ, დემოკრატიულ, საქართველოს.
მთავარი, რასაც თქვენ აკეთებთ და გააკეთებთ, იქნება ის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიაწვდით ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს, რომელშიც არ არის რაიმე ტიპის აგიტაცია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ იქნება გზავნილი, რომელიც დემოკრატიული საქართველოს ფუნდამენტი და საფუძველია. გზავნილს, რომლის შინაარსიც არის იმისთვის, რომ ეფექტიანად იმუშაოს სახელმწიფომ, იმისთვის, რომ რეალურად ფუნქციონირებდეს დემოკრატია, შეიგრძნოს ჩვენმა ხალხმა ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და სიდიადე.
ამისთვის ყველა მოქალაქე უნდა იყოს საარჩევნო პროცესში ჩართული. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, მივიდეს საარჩევნო უბნებთან და რომელიმე პარტიას, რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მისცეს ხმა.
ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია პოლიტიკის მიმართ, არის ნიჰილისტური განწყობებიც, მაგრამ ჭეშმარიტება და მთავარი აზრი დევს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე, რეალურად უარს ამბობს თავის მოქალაქეობრივ უფლებაზე, იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს თანამონაწილე, განახორციელოს თავის მოქალაქეობრივი ვალი.
ხმის არმიცემით, უბანზე არმისვლით, ბოიკოტით, ისინი სჯიან მხოლოდ თავიანთ თავს, სჯიან მომავალს და ვერაფრით სჯიან პოლიტიკოსებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი გზავნილი, რომელიც თქვენ გაქვთ, ეს თქვენ თვითონ ხართ. თქვენ არ ითხოვთ რომელიმე ძალის მხარდაჭერას, არამედ ითხოვთ ახალგაზრდების მომავლის მხარდაჭერას",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებს.
საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს გააგრძელებს და ანაკლიას, შეკვეთილს, ზუგდიდს და სიღნაღს ეწვევა.