„პაპუაშვილის გუნდსა და მასთან აფილირებულ პოლიტიკურ ძალას მორიგი სკანდალი 1 სექტემბრისთვის აქვს დაგეგმილი. ეს არის დღე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უკვე დააანონსა გიგი უგულავას და „კაბელების საქმის" განხილვა",- ამის შესახებ „პრაიმტაიმი" იუწყება.
როგორც „პრაიმტაიმი" აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები აღნიშნულ სხდომაზე ვერ მივლენ და კვორუმი ვერ შედგება, მაგრამ პაპუაშვილი მაინც აქვეყნებს განხილვის თარიღს.
„ყველაზე დიდ სიმძიმეს სექტემბრის პირველი აიღებს. ეს არის დღე, როდესაც პაპუაშვილმა გიგი უგულავას და „კაბელების საქმის" განხილვა ჩანიშნა. „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული მედიასაშუალებები უკვე ფონსაც ქმნიან, რომ ეს სხდომა 2 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო და ჩაიშალა, ვინაიდან 9 მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ 4 მივიდა. არადა, იმ დღეს მოსამართლეებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა ჰქონდათ და ამის შესახებ პაპუაშვილისთვის კარგად იყო ცნობილი.
როგორც ჩანს, იგივე მოხდება პირველ სექტემბერსაც: „პრაიმტაიმისთვის" ცნობილი ხდება, რომ პაპუაშვილს ამჯერადაც აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლეები სხდომაზე ვერ მივლენ და კვორუმი ვერ შედგება მაგრამ მაინც აქვეყნებს საქმის განხილვის თარიღს. რატომაც არა? - იქნებ უკვე გასაჯაროებული „კომპრომატებით" ხუთი მოსამართლიდან რომელიღაც მაინც „მორჯულდება" და კვორუმი შედგება?! ამ შემთხვევაში შედეგი მიღწეული იქნება. თუ არა და, ვის აწყობს ზედმეტი ხმაური „ხელისუფლებიდან ზეწოლის შესახებ" ან „მხილებული და გაშიშვლებული მოსამართლეებისგან საბოტაჟის მცდელობის" ნარატივებით?! მით უმეტეს, ამ დღეს ბათუმში ბლომად არასამთავრობო ორგანიზაციაც უკვე დაპატიჟებულია...
არადა, როგორც წესი, საქმის განხილვამდე უნდა მოხდეს კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის დასკვნაზე, რასაც პაპუაშვილი არ ჩქარობს, ვინაიდან ამ კენჭისყრის შედეგმა საქმეს არა არსებითი განხილვისაკენ, არამედ სულ სხვა სტრუქტურისკენ შეიძლება მისცეს გეზი",- წერს „პრაიმტაიმი".