ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“ 2023 წლის გამოწვევებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიმართულებით არაერთი და სერიოზული გამოწვევები იქნება.
„სამწუხაროდ რეგიონში ომი გრძელდება, რაც განსაკუთრებულ რისკებს კვლავაც ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ამ წელსაც ძალიან ფრთხილად სიარული მოგვიწევს. იქნება სირთულეები, რომელიც უნდა გადავლახოთ და გადავლახოთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად.
რომ არა ქართული საზოგადოების სიფხიზლე და რომ არა ყველაფრის ჯანსაღი შეფასება, ჩვენ პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭირდებოდა და საბოლოო ჯამში გაგვიჭირდებოდა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.
2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება მშვიდობის შენარჩუნება. ამასთან ერთად რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანია რომ პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დასუსტების ხარჯზე მოხდა. ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ეკონომიკის განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.