რეალობა არის ის, რომ სააკაშვილი ღირსებით ვერ შეხვდა საკუთარ პატიმრობას და ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ რაღაცნაირად გარეთ გამოვიდეს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, თუ ხელისუფლება ამას აჰყვება, გამოდის, რომ ის სამართალს პატივს არ სცემს.
„ყველაფერი უნდა გადაწყდეს კანონის შესაბამისად. ამის იქით კომენტარს არ გავაკეთებთ. არის სამართლებრივი პროცედურები, რაც გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ რეალურად არ არსებობს არანაირი საჭიროება. შესაბამისად, მოთხოვნა მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ახალისებენ სააკაშვილის თვითდაზიანებას, მათ შორის ქვეყნის გარეთ.