„ნაციონალებმა" 2009-2011 წლებში 5 065 ძირი ხე მოჭრეს - სააკაშვილის ხელისუფლებამ გარემოს მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა", - ამ სათაურით სტატიას გაზეთი „ახალი თაობა" აქვეყნებს.
უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მცენარეების მოჭრის გამო საზოგადოების ნაწილი დედაქალაქის მერიას დაუპირისპირდა და იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეების მოჭრის ნებართვა გასცეს.
ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება „303-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოძიების დასრულებას არ ელოდებიან და საქმე პოლიტიკური სპეკულაციის თემად აქციეს.
აუდიტის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2009-2011 წლებში, მაშინ, როდესაც ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობა" იდგა, მერიის დაკვეთით ქალაქის ტერიტორიაზე 5 065 ძირი ხე მოიჭრა, თუნდაც ეს ფაქტი მათ მორალურ უფლებას არ აძლევს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს საჯაროდ ისაუბრონ. ეს ის „ნაციონალური მოძრაობაა", რომლის მმართველობის დროსაც დედაქალაქის რეკრეაციული ზონები და მწვანე საფარი თითქმის განადგურდა. თბილისში კი უსისტემო, ქაოსური მშენებლობები დაიწყო, ამისთვის კი არავინ დასჯილა. სტატიის თანახმად, მაშინ ეს ფაქტები არ გაუპროტესტებია ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღის" ერთ-ერთ წევრს ნატა ფერაძესაც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავად იყო მონაწილე ამ პროცესის, დღეს კი მერიასთან ხეების გაჩეხას აპროტესტებს და რომელმაც ბოლო დღეებში საზოგადოებას თავი უცენზურო სიტყვებით დაამახსოვრა. მას შემდეგ, რაც მან ფაქტის გასაპროტესტებლად რადიკალურ ზომებს მიმართა, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსმა ეკა სილაგაძემ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ირკვევა, 2007 წლიდან იგი კომპანია „გრინსერვისის" მენეჯერის თანამდებობას იკავებდა და ის იყო ყველა იმ მოვლენების ეპიცენტრში, რომელიც იმ წლებში თბილისის გამწვანებას უკავშირდებოდა.
„რას საქმიანობდა ნატა ფერაძე 2007 წლიდან?! იმ დროს განათლებით მხატვარი ნატა ფერაძე გამწვანების სფეროში მუშაობდა, დიდ ჰონორარებს იღებდა და სულ არ ანაღვლებდა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა. ის გახდა გულანთებული „გარემოს დამცველი" მას შემდეგ, რაც „გრინსერვისიდან" მისი არაკვალიფიციურობისა და არაადეკვატურობის გამო გამოაგდეს",- წერს ეკა სილაგაძე სოციალურ ქსელში.
„გრინსერვისის" ყოფილი მენეჯერისა და „პარტიზანი მებაღის" ნატა ფერაძის პროტესტმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია და მას წინა ხელისუფლების პირობებში მოჭრილი ხეებისა და მშენებლობების რაოდენობა შეახსენა. ოპონენტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ აპროტესტებდა ის „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას დედაქალაქში გაჩეხილ ხეებს.
2013 წელს აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, 2009-2011 წლებში კომპანია „გრინსერვისმა" მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკმაოდ დიდი ფინანსური მოგება მიიღო.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 2009-2011 წლებში გამწვანების ღონისძიებებზე გამოცხადებული ტენდერებიდან კომპანია „გრინსერვისთან" გაფორმებული 6 ხელშეკრულების ფარგლებში მერიას საქონელი 50-150 პროცენტიანი ფასნამატით მიაწოდა. მიწოდებული 662.0 ათასი ლარის საქონლის ფასნამატმა ჯამში 303.6 ათასი ლარი შეადგინა. კერძოდ, 2009 წელს 6# 755, #756 და #760 7 ერთეულის ღირებულებებისა და მომსახურების ვადიდან გამომდინარე, ძირითადად, აქტივებს მიკუთვნებული 17 მერიისათვის მიწოდებულ მცენარეებზე ფასნამატის თანხამ 75.9 ათასი ლარი (59 პროცენტი), ხოლო 2010 წელს 79.5 ათასი ლარი (107 პროცენტი) შეადგინა.
2011 წელს 4 შემთხვევაში მერიას „გრინსერვისმა" ტიტის ბოლქვები, რულონური გაზონი, სხვადასხვა სახის მცენარეები და ქოთნის ყვავილები დაუსაბუთებლად მაღალი ფასნამატებით, კერძოდ, ტიტის ბოლქვები 150-პროცენტიანი, რულონური გაზონი 114-პროცენტიანი, მცენარეები 70- პროცენტიანი, ხოლო ქოთნის ყვავილები 61-პროცენტიანი ფასნამატებით მიაწოდა. როგორც სტატიაში წერია, წინა ხელისუფლების დროს თბილისში პოლიციის ახალი შენობების ასაშენებლად შვიდასამდე ძირი ფიჭვი და სამასი კედარი მოიჭრა. რუსთაველის გამზირზე 18 ძირი ჭადარი, 2 კედარი, მათ შორის გალაკტიონის ჭადარი, ასევე ბარათაშვილზე, შუა ზოლში მოიჭრა 17 ძირი ჭადარი, 8 ძირი ცაცხვი, აღმაშენებლის გამზირსა და ზაარბრიუკენის მოედანზე მოიჭრა თითქმის ყველა ჭადრის ხე. გარდა ამისა, იუსტიციის სახლის ადგილზე, კორტების ტერიტორიაზე მთლიანად განადგურდა ფიჭვები, აკაციები, საპნის ხეები, კედრები, ცაცხვები. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ასევე მოიჭრა ფიჭვები.
2006-2009 წლებში თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის გამწვანების განყოფილების ყოფილი უფროსი ილია ფალავანდიშვილი „ახალ თაობასთან" საუბრისას იხსენებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიასა და კორტების ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის მშენებლობის მიზნით, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის გამწვანების დარგის შემსწავლელ 7-კაციან კომისიას ხეების მოჭრის თაობაზე ნებართვა არ გაუცია. გამოცემასთან საუბრისას, ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მოგვიანებით, საქმე რაიონულ გამგეობებს გადაეცათ და გადაწყვეტილებაც, სავარაუდოდ, მათ მიიღეს.
„განცხადებები ხეების მოჭრის თაობაზე, ძირითადად, შემოდიოდა დეველოპერული კომპანიებისგან მშენებლობების მიზნით. კომისიამ უარი თქვა რესპუბლიკური საავადმყოფოსა და კორტების ტერიტორიაზე ხეების მოჭრის ნებართვის გაცემაზე, რადგან დიდი რაოდენობის, დაახლოებით 120-122 ძირი ხე იყო. ძალიან ბევრი წერილი შემოდიოდა, რომელზეც ნებართვას კომისია არ გასცემდა. კომისია საღი ხეების მოჭრის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თუმცა ხეების მოჭრის გადაწყვეტიულებას დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები თვითნებურად იღებდნენ. ასე ხდებოდა 10-დან 9 შემთხვევაში. შესაბამისი სამსახურები რეაგირებას კი ახდენდნენ, თუმცა მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლებოდნენ.
როდესაც კომისიამ ამ კონკრეტულ ტერიტორიებზე საღი ხეების მოჭრის ნებართვა არ გასცა, საქმე რაიონულ გამგეობებს გადაეცათ და ალბათ მათ გადაწყვიტეს. ჩვენ პასუხისმგებლობა მოვიხსენით. ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისში უნიკალური ჯიშის ხეები არ გვაქვს. უნიკალურად შეიძლება ჩაითვალოს ასწლოვანი ხეები და რომელიმე ქვეყნიდან ჩამოტანილი. თბილისში რაც არის დარგული, თითქმის ყველა ენდემურია", - აღნიშნა ფალავანდიშვილმა.
2009-2011 წლებში ქალაქის გამწვანების ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წელს დასკვნაც გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ამავე პერიოდებში მერიასთან ერთად იმავე სამუშაოებს თბილისის რაიონული გამგეობებიც ასრულებდნენ. მათ მიერ მოჭრილია 13 096 ძირი ხე.
2013 წელს გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერიისა და გამგეობების მიერ განხორციელებული შესყიდვების გარდა, ორგანიზაციების და ფიზიკური პირების განცხადებების საფუძველზე მერიის მიერ გაცემულია ნებართვა 1932 ძირი ხე მცენარის მოჭრაზე. ქალაქის რიგ უბნებში ხეების ჭრას სამსახურთან შეთანხმების გარეშე ასევე ახორციელებდა „თბილისის განვითარების ფონდი", თუმცა აუდიტის სამსახურს ფონდის მიერ მოჭრილი ხეების შესახებ ინფორმაცია ვერ წარუდგინეს.
გარდა ამისა, 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიის მიმართვების საფუძველზე, მშენებლობის მიზეზით მოჭრილია 597 ძირი ხე.
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს „მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე.
გაჩეჩილაძე „ახალ თაობასთან" საუბრისას ამბობს, რომ დედაქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა თბილისის მერიას ეკისრება, თუმცა, მისი თქმით, სანამ თბილისის გენერალური განვითარების გეგმა არ შემუშავდება, აზრი არასოდეს არაფერს ექნება.
„მასალები, რომელიც არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გარემოს მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე მიუთითებს. მიკვირს, როგორ არ იყენებს ამ მასალას მთავარი პროკურატურა მათ წინააღმდეგ ბრალის დასამძიმებლად. სანამ არ გაკეთდება თბილისის გენერალური განვითარების გეგმა, რომელიც უკვე მუშავდება და დაიდება უახლოეს მომავალში, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორ უნდა მოხდეს განაშენიანება, აზრი არ აქვს არაფერს. ამ პრობლემის გადაჭრის საკითხი ეს არის.
ყველა დაინტერესებულ პირს ეცოდინება, მშენებელი იქნება თუ ინვესტორი, სად შეიძლება მშენებლობა და სად არა. პრობლემაც მოგვარდება. ეს არ გააკეთა არავინ, ერთადერთი, ვინც ეს გააკეთა, ეს დღევანდელი ქალაქის მერიაა. როგორც ვიცი, დაიქირავა ჯგუფი და ეს ხალხი მუშაობს და, როგორც ვიცი, მაღალი დონის პროფესიონალები არიან",- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.