ავტორი ნინო ჯიბუტი
„პაემანი პოეზიასთან", - ამ სახელწოდებით პოეტმა მაია კახიძემ ქალთა საერთაშორისო დღეს პოეზიის საღამო მიუძღვნა. კულტურული ღონისძიება, რომელსაც კახიძის მეგობრები, მსახიობები, პოეტები, რეჟისორები, მომღერლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის დარბაზში შედგა.
სალონურ სტილში გამართულ შეხვედრაზე პოეტმა მიწვეულ სტუმრებთან ერთად კრებულიდან სახელწოდებით - „ფიქრიმაიები", ლექსები წაიკითხა. საღამოზე მიპატიჟებულმა პოეტებმა ასევე წარმოადგინეს ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან. პოეზიის საღამოს მუსიკალურ ფონად პიანინოსა და გიტარის ჰანგები გასდევდა.
ესტრადის მსახიობმა, ჟურნალისტმა, პოეტმა მაია კახიძემ შეხვედრაზე მეგობრებთან ერთად არაერთი საინტერესო და მხიარული ისტორია გაიხსენა.
პოეტმა მადლობა გადაუხადა მიწვეულ სტუმრებსა და მეგობრებს ვინც პოეზიის საღამოს სითბო შესძინა.
„რეპორტიორს" მომღერალი გოჩა ჭაბუკაიძე ესაუბრა:
„საერთოდ დღევანდელი დღის შესახებ მე ჩემი აზრი მაქვს. დღევანდელი დღე ჩემთვის , როგორც ეკლესიის მედავითნესთვის, საერთოდ ქალების საერთაშორისო დღედ მე უფრო მიმაჩნია მენალსეცხებლე დედათა კვირა. მაგრამ მე ვიზიარებ, მაინც მანდილოსნების კეთილგანწყობას, დღევანდელი დღის სიხალისეს და სიამოვნებით ვუერთდები ქალბატონ, მაია კახიძის საღამოს. თავად მომიწვია და მთხოვა, რომ გამეზიარებინა მისი სიხარული. პატივს ვცემ როგორც ძალიან კარგ შემოქმედს ძალიან კარგ პიროვნებას და ჩვენ ვართ ძალიან კარგი მეგობრები ", - ამბობს მომღერალი.