უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ვასილი ლოზინსკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ის 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმე ეხება გენერატორების შეძენას.
ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის.
გამოძიებით დადგინდა, რომ ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა შეიმუშავა სქემა, რათა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი მიეთვისებინა. ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნის მოცულობის კონტრაქტი გააფორმეს. მინისტრის მოადგილემ ამ გარიგების სანაცვლოდ 400 ათასი დოლარი მიიღო.
როგორც უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი. მათ შორის ერთ-ერთი ღამით უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას აიყვანეს.