logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გიორგი პაპუაშვილი მიჰყვება პრინციპს: „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“
- +

29 აგვისტო. 2016. 15:34



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის შეფასებით, გიორგი პაპუაშვილის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და გაუგებარია.



როგორც „ინტერპრესნიუსს" ვოლსკიმ განუცხადა, იმის ნაცვლად, რომ პაპუაშვილმა პასუხი გასცეს კითხვას, რატომ გადადო 23 აგვისტოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აბსურდულ ბრალდებებს მმართველი გუნდის მისამართით აკეთებს.



ძალიან მკაფიო სურათი იხატება, თუ რა პრინციპით მოქმედებს გიორგი პაპუაშვილი - გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო ანუ გაღმა შედავების პრინციპს მიჰყვება. აბსოლუტურად გაუგებარ განცხადებას აკეთებს, იმის თაობაზე, რომ ზეწოლა ხდება, მაშინ როდესაც საზოგადოება, პოლიტიკური ძალები და განსაკუთრებით პარლამენტი, რასაკვირველია, დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი ნაწილის მოგვარებით და რომ სამართლებრივი საკითხების თემა არ იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ დაკვეთასთან. ასეთი დაკვეთა და ასეთი ტენდენცია აშკარად იკვეთება პაპუაშვილის საქმიანობაში, ამიტომ იგი ხმამაღალ განცხადებას აკეთებს და რაღაც გაურკვეველ კითხვებს სვამს. იმის მაგივრად, რომ განმარტოს, რატომ გადაიდო 23 აგვისტოს დანიშნული პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა, იგი შეკითხვას სვამს, საიდან იცით, რომ მე მივიღე ერთპიროვნული გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, ყველა ნიშანი არსებობს იმის სათქმელად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიზირებულია.



თუნდაც ერთი მოსამართლე თუ ამბობს, რომ პაპუაშვილმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო ამ სხდომის არჩატარების თაობაზე, ამას უნდა გაეცეს პასუხი და არა შეკითხვები დაისვას და უსაფუძვლო ბრალდებები გაჟღერდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ასე რომ, ვფიქრობ, პაპუაშვილის განცხადება, ისტერიული განცხადება უფროა, ვიდრე ავტორიტეტული სტრუქტურის ხელმძღვანელის. ყველა ნიშანი - მისი დამოკიდებულება საარჩევნო კოდექსისა და სხვა საკითხების მიმართ უჩვენებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აბსოლუტურად პოლიტიზირებულია, ახდენს დისკრედიტაციას იმ მოსამართლეების, ვინც არ აჰყვა თამაშში და აშკარად ეტყობა, რომ ცდილობს მმართველი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციას საერთაშორისო საზოგადოების თვალში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკური ლიდერებს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს. პაპუაშვილის განცხადებით, „ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო".



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner