უკრაინისთვის გერმანული Leopard 2-ის მიწოდება აქამდე ყოველთვის სამხედრო კონტექსტში განიხილებოდა. თუმცა სწორედ იარაღის მიწოდებასთან არის დაკავშირებული შეიარაღების პოლიტიკის ინტერსები. თუ რით განსხვავდება აღნიშნული მიმართულებით გერმანიისა და ამერიკის შეხედულებები, შვეიცარიულმა გერმანულენოვანმა ყოველდღიურმა გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-მა გაარკვია.
„Neue Zürcher Zeitung“-ის სტატიაშია აღნიშნული, რომ რამშტაინის საავიაციო ბაზაზე უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფების შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს ჟურნალისტებმა სთხოვეს, გაემეორებინა ის, რაც დარბაზში თქვა. როგორც სოციალ-დემოკრატმა ლიდერმა 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასულ კოლეგებს განუცხადა, ბერლინს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაამტკიცებს თუ არა სხვა სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის Leopard 2-ის მიწოდებას.
სტატიის თანახმად, უკრაინას სჭირდება საბრძოლო ტანკები, რათა რუსეთის თავდასხმისგან თავდაცვის გაგრძელება შეძლოს. თუმცა, კანცლერი ოლაფ შოლცი ყოყმანობს და შესაბამისად, ბევრი მოკავშირის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდის. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ ვერ მიიწევს წინ გერმანია ამ მიმართულებით, პისტორიუსმა ორი წინადადებით უპასუხა: არსებობს კარგი მიზეზები მიწოდებისთვის და კარგი მიზეზები ამის საწინააღმდეგოდ. ყველა არგუმენტი გულდასმით უნდა იყოს აწონ-დაწონილი.
როგორც „Neue Zürcher Zeitung“ წერს, ეს ყველაფერი არასაკმარისად დამაჯერებლად ჟღერდა და კრიტიკამაც არ დააყოვნა. „იარაღის მიწოდება სასწრაფოა, რათა „შეჩერდეს რუსული აგრესია, დავეხმაროთ უკრაინას და სწრაფად აღდგეს მშვიდობა ევროპაში“, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა. ამ მხრივ გერმანიას, როგორც ევროპის წამყვან ძალას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
სტატიის თანახმად, ამერიკელები ახლა არიან მოლოდინის რეჟიმში, თუ როდის გადასცემს ევროპა უკრაინას Leopard 2-ს. ამის შემდეგ კი ვაშინგტონს უკვე შეეძლება, სანაცვლოდ თავისი ტანკები შესთავაზოს ევროპას.
„უკრაინის ომი შეერთებულ შტატებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვერტმფრენების, მოიერიშე თვითმფრინავებისა და რაკეტების შემდეგ, ევროპის შეიარაღების ბაზარზე ჯავშანტექნიკის დახმარებით ფეხი მყარად მოიკიდოს და ამ მიმართულებით გერმანიის კონკურენცია მაქსიმალურად დაძლიოს. ამერიკელები ამას არც მალავენ. 1960-იან წლებში მათ ჩამოაყალიბეს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო, რომელიც ახლა თავდაცვის მდივანს - ლოიდ ოსტინს ექვემდებარება. აღნიშნული უწყების ამოცანაა, დაარწმუნოს სახელმწიფოები, რომ ამერიკული იარაღი შეიძინონ. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივის მიზანია შეერთებულ შტატებთან ამ ქვეყნების მჭიდროდ დაკავშირება.
ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკა ევროპას სანაცვლოდ საკუთარ მარაგში არსებულ, მის მიერ უკვე გამოყენებულ ტანკებს სთავაზობს. ეს შეთავაზება ძალაშია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთაც უკრაინისთვის Leopard 2-ის მიწოდება შეუძლიათ. მათ ვაშინგტონი გრძელვადიან სამრეწველო პარტნიორობასაც ჰპირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ინდუსტრიული წრეები ავრცელებენ. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამერიკულ შეთავაზებას გამოეხმაურება, გერმანული სატანკო ინდუსტრიისთვის დაკარგულად ითვლება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ქვეყანა ჩამოშორდება გერმანულ ინდუსტრიას, ბერლინის პოლიტიკური გავლენა მის მოკავშირეებზე ნატოსა და ევროკავშირში მით უფრო შემცირდება.
2022 წლის იანვარში ამერიკა შეუთანხმდა ხორვატიას, რომ ამ უკანასკნელს Bradley-ს 89 მეორად ქვეით საბრძოლო მანქანას მიაწვდიდა. მათ შორის 22 სათადარიგო ნაწილების დონორის სახით უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ტექნიკის გასაყიდი ფასი იყო 130 მილიონი ევრო, რასაც 46 მილიონი დააკლდა. ამ თანხის ანაზღაურება საკუთარ თავზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა აიღო. შესაბამისად, ის, რაც თავიდან კარგ გარიგებად ჟღერდა, ძვირადღირებული წამოწყება აღმოჩნდა. ამასთანავე, „ბრედლები“ 30 წელზე მეტისაა. ხორვატიას კი უნდა ეყიდა სრული პაკეტი, მათ შორის - სათადარიგო ნაწილები, მომსახურება და ტექნიკური უზრუნველყოფა. ასე რომ, მთლიანმა მოცულობამ 630 მილიონი ევრო შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოძველებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ძირითადი საბრძოლო მანქანა Leopard 2-ის ყველაზე თანამედროვე ვერსია. მისი ფასი 9 მილიონი ევროა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გერმანიაში იარაღის ექსპორტს ათწლეულების განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, ეთიკური თვალსაზრისით განიხილავდნენ. პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით მემარცხენე სპექტრიდან, სურდათ აღარ მომხდარიყო გერმანიიდან იარაღის გატანა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს სამყაროს უფრო მშვიდობიანს გახდიდა.
ამერიკელებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. საფრანგეთმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა ორი წლის წინ, როდესაც ავსტრალიამ, ამერიკული წყალქვეშა ნავების შეძენის მიზნით, 56 მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაუუქმა. აშშ-ის მთავრობამ მანამდე ხელი მოაწერა უსაფრთხოების ალიანსს ავსტრალიისა და ბრიტანეთის მთავრობებთან. სწორედ ლონდონი დაჰპირდა ავსტრალიელებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას. სანაცვლოდ, ავსტრალიელებს ამერიკული იარაღი უნდა შეეძინათ“, - წერს „Neue Zürcher Zeitung“.