რუსეთმა ესტონეთიდან ელჩი გაიწვია და რუსეთში ესტონეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც მოსკოვში განმარტეს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტალინმა ესტონეთში რუსეთის საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოითხოვა. ამის შემდეგ, ესტონეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს და ესტონეთის მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს. ნოტაში საუბარია „ტოტალურ რუსოფობიაზე“ და რუსეთის მიმართ „მტრობის კულტივირებაზე“.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ესტონელმა დიპლომატმა რუსეთი 7 თებერვლამდე უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, 11 იანვარს ესტონეთმა მოითხოვა, რომ რუსეთის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა 21-იდან რვამდე, ხოლო ადმინისტრაციასა და ტექნიკურ სამსახურში თანამშრომელთა რიცხვი 23-იდან 15-მდე შემცირდეს. ესტონეთის საგარეო უწყებაში ამის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება პარიტეტი მოსკოვში ესტონეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობასთან.