პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს მიაწვდის, თუ ის მოახერხებს სახელმწიფოთა მცირე კოალიციის შექმნას, რომლებიც იგივეს გააკეთებენ.
პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ეს პირობა დაკმაყოფილდება, პოლონეთი მზად იქნება, უკრაინას გერმანული წარმოების აღნიშნული ტანკები მიაწოდოს ოფიციალური ბერლინის თანხმობით ან მის გარეშე.
„მაშინაც კი, თუ ამ თანხმობას საბოლოოდ არ მივიღებთ, როგორც მცირე კოალიციის შემადგენლობაში - და თუნდაც გერმანელები არ იყვნენ ამ კოალიციაში - ჩვენ მაინც გადავცემთ ჩვენს ტანკებს, სხვებთან ერთად, უკრაინას. ჩვენთვის ამ მომენტისთვის პირობაა, რომ შევქმნათ სახელმწიფოთა ასეთი მცირე კოალიცია და ამ საკითხზე ჩვენ ვეკონტაქტებით ჩვენს პარტნიორებს დასავლეთ ევროპაში“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.