ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 52 კმ სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხების აღდგენასა და მონოლითური რკინაბეტონით მოპირკეთებას, 7 კმ-მდე დახურული ქსელის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.
24 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ქვემო ნიქოზის, საქაშეთის, საქაშეთის დევნილთა დასახლების, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის, სასირეთის არაშენდას, რუისის, ურბნისის, ბრეთის მეურნეობის ნაწილის 2500 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მენეჯერ ლალი დურმიშიძესთან ერთად გაეცნო.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ ფერმერებმა წყალი სტაბილურად მიიღონ და შეძლონ საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის ზრდა, როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან კულტურებზე. მსოფლიო ბანკის პროექტები, რომელიც მაგისტრალური და შიდა გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას ემსახურება, უკანასკნელი 7-8 წელია ხორციელდება; ასეთი პროექტებით შევძელით, რომ წყალუზრუნველყოფილი ფართობების რაოდენობა 40 000-დან 160 000 ჰექტარამდე გაგვეზარდა. სწორედ ამ პროექტების დამსახურებაა, რომ ჩვენი ფერმერები უფრო მეტ ტერიტორიაზე იღებენ წყალს სტაბილურად“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.