logo_geo
eng_logo
დათო გამცემლიძე ხაბეიშვილს: ეს ის ელექტორატი აღარ არის, 2003 წელს რომ იყო. ამიტომ მისი დარწმუნება პოზიტიური პროგრამით ბევრად უფრო შესაძლებელია, ვიდრე 20 წლის წინ. ამას თუ ვერ მიხვდით, საერთოდ ყველა რუტინულ არჩევნებს წააგებთ
- +

25 იანვარი. 2023. 11:38

 

 

„რა გამოდის? თუ არჩევნები მშვიდ ელექტორალურ გარემოში ჩატარდა, ხელისუფლება ამ არჩევნებს გაყალბების გარეშეც მოიგებს? ამას გულისხმობს?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ლევან ხაბეიშვილის „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ რუტინულ არჩევნებში მოუგებს ოპოზიციას.

 

როგორც გამცემლიძე აღნიშნავს, ლევან ხაბეიშვილი არა მხოლოდ ამას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ქართველი ამომრჩეველი არის იდიოტი და შეგნებულ არჩევანს ვერ გააკეთებს „ცუდსა“ და „კარგს“ შორის.

 

„რა საინტერესო განცხადება გააკეთა გუშინ ლევან ხაბეიშვილმა, არ უსმინეთ?

 

„ასი არჩევნებიც რომ ჩატარდეს, ბიძინა ივანიშვილი ყველა რუტინულ (!) არჩევნებს მოგვიგებს, ამიტომ რევოლუციური ცვლილებებია საჭიროო“.

 

ანუ, დააკვირდით: „გააყალბებსო“ კი არ უთქვამს - „მოგვიგებსო“.

ესე იგი, რა გამოდის? თუ არჩევნები მშვიდ ელექტორალურ გარემოში ჩატარდა, ხელისუფლება ამ არჩევნებს გაყალბების გარეშეც მოიგებს? ამას გულისხმობს?

 

დიახ, არა მხოლოდ ამას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ქართველი ამომრჩეველი არის იდიოტი და შეგნებულ არჩევანს ვერ გააკეთებს „ცუდსა“ და „კარგს“ შორის, თუ ფაქტის წინაშე არ დააყენე და ამ ფაქტის მერე არ ჩაატარე უკვე არჩევნები, როცა ხელისუფლება უკვე „ქუჩიდან“ დანგრეულია. როგორც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო.

 

აი, ზუსტად ამას გულისხმობს.

 

რა „პოზიტიური პროგრამა“, რომლითაც შესაძლებელია „რუტინულ არჩევნებზე“ ამომრჩეველი მოიმხრო? ამ პროგრამით ხელისუფლებას აჯობო? უფრო დამაჯერებელი იყო?

 

არა, რა საჭიროა ასეთი „რთული გზა“, როდესაც ბევრად „იოლი“ გზა არსებობს?

 

თუმცა, ეს გზა მხოლოდ ამ დროს და ეპოქას აცდენილ პოლიტიკოსს ეჩვენება „იოლად“.

 

კიდევ ვიმეორებ: „გააყალბებსო“ რომ ეთქვა, გასაგები იქნებოდა. მაგრამ ეს სულაც არ უგულისხმია.

 

იგულისხმა, რომ ხელისუფლება გაყალბების გარეშეც მოიგებს, თუკი არჩევნები უკვე შემდგარი რევოლუციის ფონზე არ ჩატარდა.

 

ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ, რა ცვლილებები მოხდა საქართველოში 20 წლის განმავლობაში და რომ „დრო განვითარდა“, შესაბამისად „ხალხიც“ შეიცვალა.

 

ეს ის „ხალხი“ და ის „ელექტორატი“ აღარ არის, 2003 წელს რომ იყო. ამიტომ მისი დარწმუნება პოზიტიური პროგრამით ბევრად უფრო შესაძლებელია, ვიდრე 20 წლის წინ. და ბევრად ნაკლებ შესაძლებელია რევოლუციით მისი პროცესში შეტყუება, ვიდრე 20 წლის წინ.

 

ამას თუ ვერ მიხვდით, ეს (მაინც) თუ ვერ გაიგეთ, საერთოდ ყველა „რუტინულ“ (ანუ ნორმალურ) არჩევნებს წააგებთ მართლა“, - წერს გამცემლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner