2022 წელს ვუმასპინძლეთ 3 მილიონზე მეტ ვიზიტორს და წელს ვგეგმავთ, რომ ზრდა იყოს არანაკლებ 10%, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„წელს ბათუმი უმასპინძლებს არა მხოლოდ „ტურიზმის ოსკარის“ გალა-ღონისძიებას, რომელიც მოიზიდავს არა მხოლოდ მთელი მსოფლიოს წამყვან ტურისტულ კომპანიებს, ასევე საერთაშორისო ბრენდებს. ეს იქნება ბათუმისა და მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება. ამავე დროს წელს ვუმასპინძლებთ ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალურ ასამბლეას, კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ეკოტურიზმის განვითარებას. ასევე აღვნიშნავ, რომ ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ელოდებათ ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული, ვინაიდან წელს დაგეგმილია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარება, რომლის ფინალურ მატჩსაც ვუმასპინძლებთ ბათუმის ახალ სტადიონზე. გაზრდილი ბიუჯეტი ტურიზმის მიმართულებით დაგვეხმარება, რომ ყველა ეს ღონისძიება ჩატარდეს ძალიან მაღალი ხარისხით და ჰქონდეს შესაბამისი რეზონანსი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. 2022 წელს ვუმასპინძლეთ 3 მილიონზე მეტ ვიზიტორს და წელს ვგეგმავთ, რომ ზრდა იყოს არანაკლებ 10%. ეს არის საკმაოდ ამბიციური გეგმა, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე გუნდისთვის, თუმცა ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ სფეროს სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა“, - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.