logo_geo
eng_logo
კახი კავსაძე: ჩვენი ოჯახი დასჯილია
- +

9 მარტი. 2016. 19:04


1956 წლის 9 მარტი ქართველთა მეხსიერებაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელია. მსახიობი კახი კავსაძე ამ დღეს თავისი ოჯახის ისტორიით იხსენებს:


„იმ დღეს, 9 მარტს დედაჩემმა მე და ჩემი ძმა არაფრით არ გაგვიშვა გარეთ. ჩაკეტა კარი, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და ოთახში დაგვამწყვდია. ორივე ლამის გავგიჟდით. ვიყვირეთ. ვიტირეთ. ტანსაცმელი შემოვიხიეთ. გაგიგონია? გაქვავდა დედაჩემი. ფეხს არ მოიცვლითო შინიდან. გული ცუდს მითქვამს. ორივე დაეტიეთ თქვენს კანში, - გამოგვიცხადა და ლაპარაკი მოათავა.


რა უნდა გვექნა. ჩვენი ოჯახი დასჯილი ოჯახი იყო. შიშის აჩრდილი ყველგან დაბორიალებდა. ისღა დაგვრჩენოდა, ფანჯარას მივსდგომოდით და იქიდან გვეყურებინა, რა ხდებოდა გარეთ. ჩვენი სახლი ვორონცოვის, უკაცრავად, მარქსის მოედანზე დგას, მტკვრის პირას. მტკვრის გაღმა, მადათოვის ნაკუნძულარზე, სტალინის დიდი ძეგლი რომ იდგა წინათ, უამრავი ხალხია თავშეყრილი. ამას ვხედავთ, მაგრამ ის კი არ გვესმის, რას ლაპარაკობენ, იმასაც ვხედავთ, როგორ ცვლიან ორატორები ერთმანეთს ტრიბუნაზე. რაღაც სცენებიც თამაშდება. მსახიობები, რომელნიც ლენინისა და სტალინის გრიმში არიან, ხალხს მიმართავენ. ჩვენი ცნობისმოყვარეობა უსაშველოდ იზრდება, მაგრამ რა... ტყვეობიდან თავის დაღწევა გამორიცხულია.


დაღამდა. ბედს შევეგუეთ. ჩვენ-ჩვენ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ფანჯარა დავივიწყეთ. თითქოს ჩვენს სახლში ყველაფერი დაწყნარდა და დამშვიდდა. სავახშმოდ ვემზადებით, რომ უცბად სახლმა ზანზარი დაიწყო, ტანკების გრუხუნი შემოვარდა ოთახში. ტყვიების ზუზუნმაც მოგვჭრა ყური. გიჟებივით ისევ ფანჯარას ვეცით. როგორ ელვა, ისე სერავს ბნელეთს ტყვიების ცეცხლი. ლანდები თავქუდმოგლეჯილი გარბიან. ყველაფერი ცხადი გახდა. გავხევდით.


მოულოდნელად დედაჩემმა კარები გააღო და განწირული ხმით დაგვიყვირა:


- წადით!.. წადით!.. ორივე წადით!..


ჩვენ პირდაფჩენილნი მივჩერებივართ დედას. ვერაფერს მივხვდით. წეღან არაფერი ხდებოდა და არ გაგვიშვა. ახლა ქვეყანა იქცევა და გარეთ მიგვერეკება.


- წადით!.. - ისევ იყვირა დედამ, - სადაც სხვების შვილები კვდებიან, ჩემებიც იქ დაიხოცეთ!..


და ორივე გარეთ გამოგვაგდო.


მაგრამ ქუჩაში გასვლა უკვე შეუძლებელი იყო.


სადარბაზოს კარი ჩაეკეტათ. იქ ავტომატიანი სალდათები იდგნენ".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner