შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე სტანდარტის ცეცხლმაქრი ზურგჩანთები და ყველგანმავალი კვადროციკლი გადაეცა. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ტყის მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა.
ხანძრებზე რეაგირებისა და სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული საშუალებები საგანგებო სიტუაციების მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუხიშვილმა სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა ადგილზე დაათვალიერა და მათ მახასიათებლებს პირადად გაეცნო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა, მათთვის სპეცფორმით, ასევე ავტოტექნიკით მომარაგება პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.