ერთი პერიოდი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ყველამ, ვისაც საქმე არ ჰქონდა, ექსპერტი დაირქვა და სხვადასხვა სფეროში დაიწყო მოღვაწეობა. ზოგადად, ისეთ რთულ სფეროებს, როგორიც მაგალითად, ეკონომიკა, ფინანსები, ენერგეტიკა და სხვა მიმართულებები, ბევრი ვერ შეეჭიდა, მაგრამ საქართველოში ხომ პოლიტიკა და ფეხბურთი ყველამ ვიცით და პოლიტექსპერტებიც მომრავლდნენ. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ მათი უმრავლესობა იმ მამალივით არის, დილით რომ დაიყივლებს და არ აინტერესებს, გათენდა თუ არა. ასე, ყივილ-ყივილში, ერთი გაუვარდებათ და მერე მთელი სერიოზულობითა და მჭმუნვარე სახით გვარიგებენ ჭკუას.
„ქართული ოცნება" პოლიტიკურ სივრცეში უკონკურენტოა. ამ ვაკუუმმის ამოსავსებად შესაძლოა განსხვავებული აზრის და ოპონირების რეჟიმი თავად კოალიციაში დამკვიდრდეს, მაგრამ ვფიქრობ კოალიციაში შემავალ პარტიებს, თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი გაუჩნდებათ, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი მათზე არ გადანაწილდება. ამ პარტიების რეიტინგი ისეთივე იქნება, როგორიც იყო „ქართულ ოცნებაში შესვლამდე", - ეს განცხადება 2012 წელს ხათუნა ლაგაზიძემ გააკეთა, ექსპერტმა, რომელიც ძალიან ცდილობდა კოალიციასთან მჭიდრო კავშირის დამყარებას, მაგრამ ეს კავშირი არ შედგა.
საგულისხმოა, რომ ქალბატონი ხათუნა „ქართულ ოცნებასთნ" დამეგობრებას მას შემდეგ შეეცადა, რაც კოალიციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მანამდე კი ახლოს არ ეკარებოდა, რადგან ყველა ლოგიკით, თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთას ასრულებდა და თავისი საექსპერტო შესაძლებლობების მიუხედავად, ვერ გათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ სამარეში მიდიოდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ლაგაზიძემ განახლებული ძალით დაიწყო „ოცნებისკენ" მიმავალი გზის ძიება და ამას „ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმალურად უწყობდა ხელს. საზოგადოებისთვის ცნობილი ექსპერტი უნდა ყოფილიყო ის ერთ-ერთი სახე, რომელიც შემდეგ ხმამაღლა იტყოდა, რომ პარტია უსახურია, არ ვარგა და მის რიგებს საზეიმოდ დატოვებდა, თუმცა ჩანაფიქრი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ექსპერტმა მმართველი გუნდის კრიტიკა ღიად დაიწყო და მას მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას" ადარებდა.
„რამდენჯერ უნდა გახდეს ეს ქვეყანა ბეცი ხელისუფლების ექსპერიმენტის ობიექტი?! თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გვერდზე გადგებით და კვლავ საზოგადოება გახდება საზარბაზნე ხორცი?! ეგრე არ იქნება! აიღეთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე: ის მაინც შეძელით, რომ მშვიდობიანად მიიყვანეთ საზოგადოება მომავალ არჩევნებამდე. როგორ უნდა მოახერხო, რომ ყველა, ვისაც სიტყვა ეთქმის, შენს წინააღმდეგ განაწყო?! როგორ უნდა მოახერხო, რომ ნაციონალების ფონზე შენ გამოჩნდე ვამპირი?! აფერუმ, თქვენს გონიერებას!" - აცხადებს ქალბატონი ხათუნა.
მისთვის დღევანდელი ხელისუფლება ბეცი მას შემდეგ გახდა რაც გუნდის რიგებში მისი ადგილი არ მოიძებნა. მან უბრალოდ ვერ მოახერხა ვერანაირი გავლენის მოპოვება და სახელისუფლებო რგოლებში მოხვედრა. შედეგად ოფიციალურად გააფორმა თავის დამკვეთებთან კავშირი და ღიად დაფიქსირდა ახალი და მთავარი „ნაციონალური მოძრაობის" ერთობის წევრად. ის, რომ პაატა ბურჭულაძის ახალშექმნილი პარტია წინა ხელისუფლების სატელიტი იქნებოდა, თავიდანვე დაანონსდა, მაგრამ ოფიციალურად მას შემდეგ გაფორმდა, რაც კოალიცია შექმნა და თავისი ბედი ვაშაძეს, ჯაფარიძეს, კუბლაშვილსა და ხაჩიძეს დაუკავშირა. როგორც ჩანს, ნაციონალები და მათი ლიდერი მიხვდნენ, რომ ცალ-ცალკე ვერც „გირჩი" და ვერც ვაშაძე ღირებულს ვერაფერს გააკეთებდნენ და მათთვის ფინანსების მოძიების პრობლემაც შეიქმნებოდა. ამიტომაც სააკაშვილმა მორიგი პოლიტიკური ავანტიურა წამოიწყო - გადაწყვიტა ახალი სატელიტის შექმნა და პაატა ბურჭულაძეც საამისოდ ზედგამოჭრილი ლიდერი იყო... რატომაც არა?!
სხვათა შორის, ამ გაერთიანების შემდეგ, ბევრს აეხილა თვალი და სხვადასხვა რაიონში ბურჭულაძის პარტია მისმა წევრებმა საჯაროდ დატოვეს, თუმცა ლაგაზიძეს წარბიც არ შეუხრია, რადგან მას პოლიტიკური პარტნიორი, უბრალოდ არ შეუცვლია - ის იყო ნაციონალების სატელიტი და დარჩა ნაციონალების სატელიტად, უბრალოდ, თუ ადრე ამას არაფორმალური სახე ჰქონდა, ახლა ოფიციალურად დაკანონდა.
სხვათა შორის, ივლისის ბოლოს „აიფიემის" კვლევის შედეგები გამოქვეყნდა პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგებთან დაკავშირებით. ამ გამოკითხვის დამკვეთად პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" დასახელდა და მას შემდეგ, კვლევის შედეგად პირველ ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა, ხათუნდა ლაგაზიძე იყო პირველი, ვინც განაცხადა, დაკვეთა ჩვენ არ მიგვიციაო. ასე ღიად გამოჩენას, როგორც ჩანს, ის და მისი პარტიის წევრები მაინც მოერიდნენ, თუმცა...
კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს 19%-ით, მეორეზეა „ქართული ოცნება" - 18%-ით, თავად პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" კი -12%.
„არსად წამიკითხავს, რომ ეს „აიფიემის" კვლევები იყო. თუკი მისი იყო, მაშინ მას უნდა დაუკავშირდნენ. „აიფიემი" არის ზოგადად კვლევების ორგანიზაცია და ძალიან ბევრი დამკვეთისთვის ატარებს კვლევას. ჩვენს პარტიას „აიფიემთან" შეხება არ ჰქონია. როგორც ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ჩვენც ვატარებთ შიდაპარტიულ კვლევებს, რადგან გვაინტერესებს ჩვენს მიმართ განწყობების გრადაცია მოსახლეობაში, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები ჩვენთან ინახება. არასდროს დაგვისვამს შეკითხვები „ჯი-ეიჩ-ენთან" დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი სახელით ვინ მიაწოდა ამ საინფორმაციო სააგენტოს ეს კვლევის შედეგები, ჩვენს პრეროგატივას სცდება. სააგენტოს სრული უფლება აქვს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, მაგრამ სასურველი იქნებოდა, ჩვენთვის ეკითხათ, იყო თუ არა ეს ჩვენს მიერ შეკვეთილი კვლევა. ჩვენი სახელით გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, არ ნიშნავს, რომ ეს კვლევა ჩვენი დაკვეთით ან ჩვენ მიერ არის ჩატარებული", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
თუმცა, ქალბატონ ხათუნას შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, რადგან ნაციონალების პირველობა მას ყველაზე მეტად აწყობს. რეალურად კი ყველაზე კარგად სწორედ მან იცის თავისი პარტიის შიდა კვლევებით, რომ პირველ ადგილზე სახელისუფლებო პარტიაა და მისი „ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, რათა საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი არ დაკარგოს.