პენიტენციური სამსახურის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი არ იზიარებს ბრალდებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჭიანურდება, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესებზე სააკაშვილის დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ნიკოლაიშვილის თქმით, 30-35 მოწმიდან ჯერ დაახლოებით 15 მოწმე ჰყავთ დაკითხული და 4-5 საათის განმავლობაში ჰკითხავენ.
„შეიძლება [პროცესი] ერთ დღეში დასრულდეს, მაგრამ, ეს დაცვის მხარის მოწმეებია, მათი მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს და ჩვენ გვაბრალებენ, თქვენ აჭიანურებთო. თვითონ 4-5 საათი ჰკითხავენ, ჩვენ შეიძლება 1-2 საათი დავკითხოთ და ამაზეც გვეუბნებიან, რომ თქვენ აჭიანურებთო. იმ 30-35 მოწმიდან ჯერ დაკითხული ჰყავთ დაახლოებით 15 მოწმე. მოხსნან ეს მოწმეები, ჩვენი მოწმეები არის მხოლოდ 7. ჯერ ჩვენ მოწმეებამდე არც მისულა ჯერი და როცა მივა, ალბათ მაშინ მით უფრო დაიწყებენ, აგერ ჩვენ ორი თვე რომ ვკითხავდით, თქვენ 2 დღეც არ უნდა დაგითმოთ სასამართლომ. ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ მოვხსნით მოწმეებს. თუ მოხსნეს მოწმეები, შეიძლება 2-3 სხდომაში დამთავრდეს, თუ არ მოხსნეს, შეიძლება ორ-სამ თვეშიც ვერ დამთავრდეს“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.