ილია ჭავჭავაძის რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ფაქტი! რეალურად როგორ უყურებდა რუსეთთან საქართველოს კავშირს ილია ჭავჭავაძე. ხაზს ვუსვამთ, ეს არის ფაქტი და არა ლევან ბერძენიშვილივით, რაღაც საეჭვო ვიღაცის „ჩანაწერებზე“ დაყრდნობით ბჟუტური. ეს არის გაზეთი „ივერია“ 1900 წლის მიწურულის, კერძოდ, 24 ნოემბრის გამოშვება. ნომერი 255. მეორე გვერდზე, სადაც თბილისის ქალაქის საკრებულოს ამბებია მოცემული, გარკვევით წერია - შეიქმნა „განსაკუთრებული კომისია, რომელსაც დაევალა საქართველოს რუსეთთან შეერთებიდგან ასის წლის შესრულების გამო, სადღესასწაულო პროგრამის შემუშავება“... შემდეგ ნათქვამია, რომ ამ კომისიაში შევიდა 25 კაცი და მაშ შორის თავადი ი.გ. ჭავჭავაძე, ანუ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე...
ანუ, რა გამოდის?
ცრუმეცნიერი ლევან ბერძენიშვილი გვიმტკიცებს, რომ ილიამ გეორგიევსკის ტრაქტატს უწოდა „საქართველოს სიკვდილიო“ და ამ დროს ის „სიკვდილისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ჩამტარებელი კომისიის წევრი? ცალკე კიდევ ის ამბავი, რომ ეს არის 1900 წლის ბოლო, ანუ მზადება ხდება 1901 წლისთვის, როცა აღინიშნება იმპერატორ ალექსანდრეს მიერ 1801 წელს გამოცემული მანიფესტის 100 წლის თავი! ანუ საქართველოს რუსეთთან „შეერთების“, ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრიობის გაუქმების! რასთანაც ერეკლე მეორეს არავითარი კავშირი არ აქვს! ის ამ დროს უკვე სამი წლის გარდაცვლილია! ხოლო რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, ეკატერინე მეორესა და ერეკლეს შორის ის დაიდო 1783 წელს და მისი 100 წლის თავი 1901 წელს ვერ იქნებოდა...
შესაბამისად, „ინტელექტის მამა“ ლევან ბერძენიშვილი ორჯერ გვატყუებს - ერთხელ, როცა გვეუბნება, რომ ილიას მიერ ნათქვამი ის ფრაზა (რაც არავინ იცის, მართლა თქვა თუ არა ილიამ) ეხებოდა გეორგიევსკის ტრაქტატსო!
სინამდვილეში ის ალექსანდრეს მანიფესტს ეხებოდა და ამ ორ დოკუმენტს შორის 18 წელი და არსებითი შინაარსობრივი სხვაობაა!
ხოლო მეორე ტყუილი ისაა, რომ ილია ჭავჭავაძე, საზოგადოდ, თითქოსდა კატეგორიულად უარყოფითად იყო რუსეთის მიმართ განწყობილი! შესაძლოა მას, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქართველ მოღვაწეს ჰქონდა ბევრი სამართლიანი პრეტენზია რუსეთის იმპერიასთან, მაგრამ საზოგადოდ, ის დადებითად აფასებდა რუსეთთან კავშირის როლს საქართველოს ფიზიკურად გადარჩენაში და იმაში, რომ საქართველომ მაინც შეინარჩუნა თავისი სახელმწიფოებრიობის აღდგენის შანსი, რასი შანსიც ნული იქნებოდა ოსმალეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და დამონების შემთხვევაში!“ - წერს ბაკურ სვანიძე.