„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურის ინფორმატორი ამტკიცებს, რომ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენ მილზე დაგეგმილი დივერსიული აქტის მოწყობაში მონაწილეობა მასაც შესთავაზეს", - ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა" წერს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ინფორმატორი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ტერაქტის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ბექა ბექაურთან კავშირზე, ვლადიმერ რუხაძის დახმარებით გავიდა, რომელსაც ის „ზებოს" სახელით იცნობდა.
„ზებო" გავიცანი ინტერნეტით. ის ეხმარებოდა უკრაინაში საომრად ჩასულ ქართველ მეომრებს. მასთან მქონდა მიწერ-მოწერა და „ზებოს" პირადად გადავეცი სამი წყვილი სამხედრო ფორმა. მე „ზებოს" მეშვეობით დავუკავშირდი ბექა ბექაურს, შევხდი და მან მითხრა, რომ აპირებდა დივერსიული აქტების განხორციელებას. საქართველოს ტერიტორიაზე თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე-მეთქი? ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დივერსიული აქტის განხორციელებას აპირებდა საქართველოს ტერიტორიაზე, დაუსახლებელ პუნქტებში. სოფელ საგურამოსა და სოფელ ჭოპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე ღიად გამავალ გაზსადენზე. შემომთავაზა მის მიერ დაგეგმილ დივერსიაში დახმარება და დაამატა, რომ აფეთქებისთვის საჭირო მასალა ჰქონდა, მის ჯგუფს მოწყობილი აქვს ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სამალავი. ჩემი ვარაუდით, ბექაურმა „ზებოსგან" იცოდა, რომ საინჟინრო საქმიანობაში ვერკვეოდი პროფესიონალურ დონეზე და მქონდა გარკვეული გამოცდილება, ამიტომ მთხოვეს დივერსიის მოწყობაში დახმარება.
თავიდან ეჭვი მეპარებოდა მათი მიზნის რეალობაში, მაგრამ დამარწმუნა, რომ ჰქონდა იარაღის სამალავი და რამდენიმე პარტნიორი იყო მის გვერდით, მათ შორის შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, თუმცა მისი ვინაობა არ უთქვამს. საუბრის დროს ვკითხე, თუ ვის შეკვეთას ასრულებდა და ვისგან ფინანსდებოდა? ბექაურმა ამ კითხვაზე დაულაგებელი პასუხი გამცა, თუმცა დააკონონკრეტა, რომ ელოდებოდა საზღვარგარეთიდან 50 ათას დოლარს და როგორც საუბრისას წამოსცდა, სავარაუდოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან", - წერს ჩვენებაში მოწმე.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქება 22 აგვისტოს აღკვეთა.