ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ის იყო რაინდი!
ამას წინათ, რამდენიმე ახალგაზრდა ჟურნალისტთან და მათთან სტუმრად ჩამობრძანებულ თანატოლ კოლეგებთან ერთად, ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიებს ვათვალიერებდით და...
მიხაროდა, რომ სტუმრები ვერ მალავდნენ ამ უბნებში მიმოფანტული ძველი თუ ახალი არქიტექტურული ძეგლების ნახვით გამოწვეულ აღტაცებას. აინტერესებდათ ძველი თბილისის აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული დეტალები.
სამწუხაროდ, ჩემი ახალგაზრდა კოლეგები არ აღმოჩნდნენ მზად მათ შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხების გასაცემად.
რაღაც მომენტში აღმოვჩნდით ერთ ულამაზეს ძეგლთან, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
ის, რომ მასპინძლებმა ძეგლის ავტორის ვინაობა ვერ დაასახელეს, მაინცდამაინც არ გამკვირვებია, მაგრამ ვისი(!!!) ძეგლი იყო, ესეც რომ არ იცოდნენ, ამან არამცთუ გამაოცა, არამედ...
გული იმაზე მწყდება, რომ რომელიღაც უცხოელი ნებისმიერი ცნობადი სახის საყვარელს რა ჰქვია, ეს იცის ახალთაობის დიდმა ნაწილმა. იცის, ვინ არის და რას „საქმიანობს“, მაგალითად... კობა ხაბაზი, ან, ვინმე მაჭუტაძე; იცის, სპორტის რომელ სახეობაში ოსტატდება ლევან ხაბეიშვილი; ან, რომელი ფეხდაუბანელი დეპუტატი დახტის წივილ-კივილით პარლამენტის სხდომათა დარბაზის მაგიდებზე...
მაგრამ არ სმენია, არ იცის აგერ გუშინ თუ გუშინწინდელ გამორჩეულ თანამემამულეთა სახელები, ვისი ნაღვაწითაც დღეს თავს იწონებს...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიტყვი, რომ დღეს სწორედ იმ ძეგლის - უნიჭიერესი მოქანდაკის თენგიზ კიკალიშვილის შედევრის „მიზეზის“ - გამოჩენილი ხუროთმოძღვრის შოთა ყავლაშვილის დაბადების დღეა. მას 97 წელი შეუსრულდებოდა.
ბევრი მაქვს მოსაგონარი, მაგრამ ახლა დავესესხები „გურუს“ - სულ ცოტა ხნის წინ გაზეციურებულ გიგა ბათიაშვილს, რომლის წერილით (2016 წ.) „გავაცოცხლებ“ ჩემს უფროს მეგობარს, დიდ ხუროთმოძღვარსა და გამორჩეულ მოღვაწეს შოთა ყავლაშვილს.
მხოლოდ ერთს დავამატებ ამ პაწია წარდგინებას: „ყავლაშვილის დროს“ გამორიცხული იყო ის არქიტექტურული განუკითხაობა, ბოლო 35 წელი რომ „დაბოგინობს“ თბილის-ქალაქში.
როცა საქმე ეხებოდა დედაქალაქის იერსახეს, ქალაქის მთავარი არქიტექტორისთვის არ არსებობდა არავითარი ავტორიტეტი თუ მაღალჩინოსანი. იგი არ ეპუებოდა აბსოლუტურად არავის, არცერთ ძალას.
ის ვაჟკაცი იყო, ნამდვილი რაინდი!
* * *
ყავლი არასოდეს გაუვა!
******
ვიხსენებ მართლაც ღვაწლმოსილს, თბილისის დიდ მოამაგეს, ხუროთმოძღვარ შოთა ყავლაშვილს.
ვინ იყო შოთა, რა შექმნა, რა შემატა თბილისს? რატომ მოხდა, რომ დღემდე, განვლილ ბოლო 21 წლის მანძილზე ერთხელაც არ იყო ოფიციოზის მიერ, მათ შორის თბილისის მერიის, ტელერადიოს, პრესის მიერ ნახსენები? შოთა ყავლაშვილი, რომელიც ორჯერ იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი, ჯამში ცამეტი წლის მანძილზე... თავდაპირველად სამი წლის განმავლობაში. შვიდი წლის გასვლის შემდეგ, ქვეყანა დარწმუნდა, რომ შოთა ყავლაშვილი თბილისის საუკეთესო მთავარი არქიტექტორი იყო და კვლავ დაინიშნა ამ პოსტზე საპატიო ხელმძღვანელის თანამდებობაზე და ათ წელზე მეტ ხანს ღირსეულად ემსახურება თბილისს.
შეიცვალა დრო. მოხდა გადაფასება რიგი მოვლენებისა, რიგი ღირებულებებისა, თუმცა, როგორც შემდგომში დროის გადასახედიდან გამოჩნდა, უმეტეს შემთხვევაში დროულად და სწორად, მაგრამ რიგ შემთხვევაში სამომავლო ცხოვრების საზიანოდ, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისთვის არცთუ სასიკეთოდ, განსაკუთრებით კულტურის იმ სფეროსთვის, რომელსაც გამორჩეული მამულიშვილები, ნამდვილი პროფესიონალები, თავიანთი საქმისადმი თავდადებულნი, ემსახურებოდნენ, რითიც შექმნეს მყარი საფუძველი ეროვნული მსოფლმხედველობის გამოსაფხიზლებლად. ერმა ხომ თავაწეულმა შეაბიჯა ამ ახალ ეპოქაში. შეაბიჯა გააზრებულად თავისი ევროპულობის ძირისა, რომელიც დოზირებულად ინტეგრირებულია „ორიენტალისტური“ კულტურის „სურნელთან“. ეს ხომ სრულად ვლინდება თბილისის რიგი უბნების განაშენიანებაში, თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებებთან მათ მორიგებაში. ეს კი მნიშვნელოვნად განპირობებულია თბილისის მოამაგეთა, ღირსეულ მამულიშვილთა და მათ შორის შოთა ყავლაშვილის საქმიანობით.
იყო წლები, როდესაც შოთა ყავლაშვილის ღირსეული ნაამაგარის ილუსტრირებით დატვირთული იყო ტელე-რადიოგადაცემები, ჟურნალ-გაზეთები და ასე შემდეგ. ყოველივე ხომ იყო სიხარულის გამომჟღავნება თბილისში მიმდინარე თბილისური არქიტექტურული პროცესების გამო, რომელსაც სათავეში ედგა შოთა ყავლაშვილი. დღესაც ხომ ბევრი მისი და მათ შორის იმათი, ვისაც სწორედ შოთამ გაუკვლია გზა, გაიყვანა ასპარეზზე, მართლაც მნიშვნელოვანი ნაამაგარი ამშვენებს თბილისს, ჩვენს ეროვნულ კულტურას. განა დღეს თავისი არქიტექტურული მნიშვნელობა დაკარგა ბარათაშვილის სახელობის ქუჩამ ან უზნაძის № 2-ში აშენებულმა ქორწინების და საცხოვრებელმა სახლმა, ან ავტოვაგზლის შენობამ, ან საცურაო აუზმა „ლაგუნა-ვერემ“, ან სასტუმრო „მეტეხი პალასმა" და ბევრმა სხვა ნაგებობამ, მათ შორის ე.წ. ჩეხურმა სახლმა, რომელსაც მაღალი ხარისხის გამო ასე დაარქვა ხალხმა, თუმცა ეს პროექტი შოთა ყავლაშვილის შექმნილია, ან არაერთი სპექტაკლის მხატვრობამ, ან არაერთმა საქართველოს საგამოფენო პავილიონმა საზღვარგარეთ. რომელი ერთი მოვიგონოთ. განა არ არის შოთას მოღვაწეობის განსაკუთრებულობის აღიარება არა მარტო ლაურეატობის საპატიო წოდებების, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი „საპატიო თბილისელის“ წოდების მინიჭებით, ყოველივესთან ერთად განსაკუთრებულია მისი ფასდაუდებელი ღვაწლი „ისტორიული თბილისის“ აჟღერების საქმეში.
მე, როგორც მისმა თანამოაზრემ თბილისის მიმართ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თბილისისადმი. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ მან შეძლო დაეძლია პროფესიონალის ხიბლი, გამხდარიყო კიდევ ერთი, თავისი ახალი არქიტექტურული ხედვით შემქმნელი პროექტისა „ახალი ბარათაშვილის ქუჩა“ ახლად გამოვლენილი გარემოების სასარგებლოდ. მოხდა ასე: როცა შოთამ დაიწყო თავისი პროექტით მშენებლობა, მშენებლობის პროცესში გამოჩნდა ისტორიული განაშენიანების კვალი. შოთამ დაინახა მისი ეთნოკულტურული მნიშვნელობა და უარი თქვა თავისი დაწყებული პროექტის განხორციელებაზე. მთლიანად შეცვალა იგი აქ ჩაქცეულ-ჩამარხული ისტორიული მემკვიდრეობის სასარგებლოდ. აქტიურად შეუდგა მისი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების რეანიმაციას, რესტავრაციას, რეკონსტრუქციას და თანამედროვე ცხოვრებისათვის მორგებას. ასეთი რამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ შოთა ყავლაშვილს.
საწყენია, რომ მხოლოდ დღეს, მისი გარდაცვალებიდან 21 წლის შემდეგ უნდა მოვაგონოთ საზოგადოებას, თუ ვინ იყო შოთა ყავლაშვილი და როგორია ჩვენი ვალი მის მიმართ
ავტორი:
გიგა ბათიაშვილი,
არქიტექტორი („საქართველოს რესპუბლიკა“)