logo_geo
eng_logo
გიორგი ბუხაიძე კარიერას მალტის ჩემპიონატში გააგრძელებს - ქართველი თავდამსხმელი „მარსაში“ ითამაშებს
- +

29 იანვარი. 2023. 14:14

 

 

„გაგრის“ ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე კარიერას მალტაში გააგრძელებს, – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ფორვარდი მალტის „მარსაში“ ჩაირიცხა. ეს არის მალტის საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან, რომელიც 1920 წელს დაარსდა. თამაშობს ჩელენჯლიგაში, რომელიც მალტის საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაა და ამ ლიგაში ბოლო, მე-12 პოზიციაზეა.

 

31 წლის გიორგი ბუხაიძე ქუთაისელია. კარიერა წყალტუბოს „სამგურალში“ დაიწყო, მას შემდეგ რამდენიმე გუნდი გამოიცვალა – ფოთის „კოლხეთი“, თერჯოლის „საპოვნელა“, „საბურთალო“, საჩხერის „ჩიხურა“, „ცხინვალი“, მარტვილის „მერანი“, 2021 წლის 1 იანვრიდან კი „გაგრაში“ თამაშობდა.

 

გიორგი ბუხაიძე პირველი ქართველი არაა, რომელიც მალტაზე ითამაშებს – კუნძულზე პირველი დესანტი 2014 წელს გადავიდა, „ვალეტას“ ღირსებას იცავდნენ მეკარე ნუკრი რევიშვილი და ირაკლი მაისურაძე, ასევე „გაგრის“ ყოფილი თავდამსხმელი აბაიომი ოვონიკოკო, რომელსაც ქართული პასპორტი ჰქონდა. მათი შეძენა კლუბმა კომპანია „ინსინიასა“ და მერაბ ჟორდანიას დახმარებით მოახერხა.

 

2018 წელს მალტის მოქმედ ჩემპიონის, კორადინოს „ჰიბერნიანსში“ გიორგი გოროზია ჩაირიცხა, 2018 წელს გეგი კეკუა პეტას „ჰოთსპურსში“ თამაშობდა, 2019 წელს ირაკლი ძარია – „ვალეტაში“, ხოლო 2022 წელს გიორგი ნიქაბაძე „გუდია იუნაიტედში“ გადავიდა.

 

აღსანიშნავია, რომ კუნძულზე თამაშობდა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი, იტალიელი კრისტიან ძაკარდო, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერის განხორცილებაში მონაწილეობდა – 2017 წელს 35 წლის ძაკარდომ „ხამრუნ სპარტანსთან” გააფორმა კონტრაქტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner