სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოში სერიოზული ტერორისტული აქტი აღიკვეთა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნუკრი ჭკადუა სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშრებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ნუკრი ჭკადუა ჩვენებაში წერს, ბექა ბექაურს 6-7 წელია იცნობდა და მხოლოდ იმ მიზნით დათანხმდა მას, რომ მაღალი გამავლობის მანქანა ჰყავდა და თუ რა განზრახვა ჰქონდა ბექაურს, ამის შესახებ არაფერი იცოდა.
„ბექა ბექაურს 6-7 წელია ვიცნობ და ვმეგობრობ. ბოლო სამი თვეა არ მინახავს. 19 აგვისტოს დამირეკა და მთხოვა, ჩავსულიყავი ეზოში... მთხოვა, მეორე დღეს გავყოლოდი ხევსურეთისკენ მანქანით. მაღალი გამავლობის მანქანა „ინფინიტი" მყავს და გავყევი.
დილით რვის ნახევრისთვის გავედით ვარკეთილიდან. ბენზინი ჩაასხა და სასტუმრო „მეტეხთან" ჩაისვა მეგობარი, სახელად ჯაბა, მას არ ვიცნობდი. სამნი გავემგზავრე, გზად სოფელ ჭოპორტთან ვიღაცის სახლიდან ბარი ითხოვა. დავინტერესდი, რისთვის სჭირდებოდა. მიპასუხა, რაღაც მაქვს გადასაადგილებელიო. მივხვდი, იარაღზე ჰქონდა საუბარი, მაგრამ იარაღი არ უხსენებია.
ჩარგლის გადასახვევიდან რამდენიმე კილომეტრში ბექამ მთხოვა, გადამეხვია ტყის მიმართულებით. მერე მანქანა გავაჩერეთ, მთხოვა, დავლოდებოდი და თვითონ ჯაბასთან ერთად წავიდა... დაახლოებით 40 წუთში ბექა და ჯაბა მოვიდნენ. ზურგჩანთა და ბარი საბარგულში ჩადეს და მაშინვე პოლიციელები დაგვადგნენ და დაგვაკავეს.
ბექას ზურგჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერებები, თუ არ ვცდები, ტროტილი აღმოჩნდა",- ამბობს ბრალდებული ნუკრი ჭკადუა ჩვენებაში.