„გერმანულ „Spiegel“-ში გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ უამრავ ცდომილებას შეიცავს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მას იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის სახსრები არ აქვს, დედამისი იძულებული გახდა მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაეყიდა. პარალელურად სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ მის შვილს და ცოლს ლიზა იასკოს კიევში ბინა, დიდი ოდენობით თანხა აჩუქა. რაც შეეხება დედამისის მემკვიდრეობას, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს გიული ალასანია მილიონერი გახდა, რომელმაც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ათეულობით ობიექტი სიმბოლურ თანხად ერთ ლარად შეიძინა. მას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია და თუ რამეს ფლობს, მხოლოდ ხალხისთვის წართმეულ ქონებას“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ყველა დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს, ქართული მართლმსაჯულება ვაჭრობას არ ითვალისწინებს:
„რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ განცხადებას, როგორც ის აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, მისი საქართველოში ჩამოსვლა რუსული სპეცსამსახურების დავალებით და ჩართულობით მომხდარიყო. ბატონო მიხეილ, ადრე ამბობდით, რომ საქართველოში მშობლიური მიწის გაუსაძლისმა სიყვარულმა ჩამოგიყვანათ, ახლა ამბობთ, რომ ჩამოგიტყუეს. როდის ხართ მართალი და როდის იტყუებით? ბოლოს და ბოლოს კაცი ხართ თუ როგორც ადრე თქვით „სტო პრაცენტი ქინძი“, რომელსაც ხელს მოკიდებ და იქ წაიყვან, სადაც გსურს.
სააკაშვილმა ინტერვიუს ბოლოს საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ გადაუგდო სატყუარა და განაცხადა, რომ ის საკუთარ მომავალს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში ხედავს და ქართულ პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს. აღნიშნული იაფფასიანი სატყუარაა, რომელსაც ქართული საზოგადოება და მთავრობა არ წამოეგება. ყველა დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს, ქართული მართლმსაჯულება ვაჭრობას არ ითვალისწინებს“,- ამბობს დავით ჩიხელიძე.