ავტორი ბიძინა დვალი
უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და ჩემი არასტანდარტულად მოაზროვნე მეზობელი, ბატონი გოგი, ისევ „პირველ ჩვენებას“ აწვება, იმ „ჩვენებას“, რომელზე ფიქრიც კი შიშს ჰგვრის ყველა წესიერი ადამიანის გულსა და გონებას - უკრაინაში მიმდინარე ომი არის რუსულ-ამერიკული პროექტი, რომელიც იმ შედეგით დასრულდება, რაზეც ამ ორმა ზესახელმწიფომ მოილაპარაკა მრავალი წლის წინო(!) - აი, ასე.
პროცესს, რომელსაც „მსოფლიოს ახალი გადანაწილება“ ეწოდება, გარკვეული პერიოდულობა ახასიათებს (30-40 წლიანი შუალედებით) და მსოფლიოს ზემძლავრ სუბიექტებს შორის ახალი რეალობით ნაკარნახევი ახალი ბალანსის გამოყვანას ემსახურება. გავრცელებული შეხედულებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორ, ერთმანეთზე მჭიდროდ გადაჯაჭვულ და ერთმანეთის გადამფარავ შემთხვევას ჰქონდა ადგილი:
1) ორი საუკუნის მიჯნაზე განვითარებული მოვლენები (დიდი კომუნისტური ბანაკის დაშლა, გერმანიის გაერთიანება, იუგოსლავიის დაქუცმაცება, ავღანეთი-1, ავღანეთი-2, ერაყი, სირია, ეგვიპტე, ლიბია,..);
2) დღეს მიმდინარე პროცესი.
საბჭოთა კავშირის დაშლის თანმდევი სისხლიანი მოვლენები (თბილისი, ვილნიუსი, ბაქო), ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წარმოებული სასტიკი ომები, ასევე ომები ისლამურ სახელმწიფოებში, საქართველოში, ჩეჩნეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში, ენით აუწერელი ტრაგედიებია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მიუხედავად ამისა, პროცესის წარმმართველი სუბიექტებისთვის ეს მხოლოდ „ლოკალური გართულებებია“, რაც ისტორიაში „ტყეს ვკაფავთ, ნაფოტი ცვივას“ სახელითაა ცნობილი.
წინასწარ ვიტყვი, რომ ანალიზის მიზანს არ წარმოადგენს ვინმეს დადანაშაულება, ან ვინმეს გამართლება, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჯდება განვითარების კანონზომიერების ფარგლებში - იმათ თავისი მიზნები აქვთ, ჩვენ ჩვენი ამოცანები.
ამ მოკლე შესავლის შემდეგ, როგორც ბატონი გოგის აზრების გამხმოვანებელი, გადავდივარ მთავარ სათქმელზე: ზემოთ ნახსენები ორი პროცესი, სინამდვილეში, ჩვენი (ჩემი და ბატონი გოგის) ღრმა რწმენით, როგორც უკვე აღინიშნა, ერთი დიდი პროცესის ორი ეტაპია და არა მოვლენების ორი სხვადასხვა განვითარება.
ყურადღებას შევაჩერებ თემის ჩვენთვის მნიშვნელოვან ნაწილზე: 90-იანების დასაწყისში კოლექტიურმა დასავლეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით, მფარველობის ქვეშ აიყვანა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ხოლო მათზე არანაკლებ აქტიური უკრაინა და გაცილებით აქტიური საქართველო აღმოვჩნდით, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვეველ მდგომარეობაში.
მივიღეთ ორი განსხვავებული მოცემულობა, რაც იმ მყარი ვარაუდის საფუძველია, (ეს ვარაუდი არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციებითაც დასტურდება), რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შედგა ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული, შეთანხმება. სხვა სიტყვებით - ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტებულ რუსეთს დაათმობინეს სოციალისტური ბანაკის (ვარშავის ხელშეკრულების) ყველა ევროპული სახელმწიფო, დაათმობინეს ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ხოლო რუსეთმა, თავის მხრივ, დაარწმუნა მოწინააღმდეგე მხარე, რომ მისი გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოსა და უკრაინაში უნდა მომხდარიყო გავლენების გადანაწილება.
აღნიშნული გარიგების შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალში, გარკვეული (შეთანხმებული) სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური მანიპულაციების შედეგად, განთავსდა რუსული სამხედრო ბაზები, რაც მყიფე ჩრდილო კავკასიის რეგიონის სახელმწიფო წარმონაქმნებზე, აგრეთვე, სამხედრო-სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან შავ ზღვაზე რუსული კონტროლის გაძლიერების პირობაა.
რუსულ-ამერიკული გარიგებების კონტექსტში ფრიად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის მეტად მტკივნეული, სხვადასხვა მხრიდან არაერთგზის პროვოცირებული, ერთი მოვლენის განხილვა - რა ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა? დასმულ კითხვას დამაჯერებელი პასუხი რომ გაეცეს, გთავაზობთ ასეთი ცნობილი ხერხის გამოყენებას - ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა რეალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთთან საომარი მოქმედებების განახლებას, უფრო კონკრეტულად - აღნიშნულით ვინ დარჩება მოგებული და ვის მოუწევს დროშების დახრა.
რასაკვირველია, ეს არ იქნება „გასეირნება“ სოხუმსა და ცხინვალში და საერთოდ, მოვლენების მოსალოდნელ განვითარებას არანაირი პირდაპირი კავშირი არ ექნება სოხუმთან და ცხინვალთან. რუსული იერიშის მთავარი და ერთადერთი სამიზნე იქნება თბილისი და შეტევა განვითარდება იმდენი მიმართულებიდან, რამდენსაც კრემლი გადაწყვეტს, ხოლო ომი იმდენ ხანს გაგრძელდება, რასაც რუსულ-ამერიკული გეგმის ინტერესი მოითხოვს.
შემდგომ ამისა, NATO-ს „ღია კარში“ უსასრულო და უიმედო მოლოდინში მყოფ საქართველოს ხელისუფლებასა და ორი თვითმფრინავითა და სამოცდაათი ტანკით აღჭურვილ ქართულ ჯარს მოუწევს უსიტყვო კაპიტულაცია. ძალთა ბალანსი ისეთია, წინასწარ გამიზნული გმირობა და თავგანწირვა დიდ სისულელედ რომ ჩაითვლება.
ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება - ანალიზის ადრესატი არ არის ის მკითხველი, ვისაც სჯერა, რომ „ბომბების წვიმაში“ ამაყად მდგომი ლომჯარიასა და გიგაურის დანახვით გულაჩუყებული ოფიცერი დეგნანი, ოფიცერი კინზინგერი და გენერალი ჰოჯესი უზრუნველყოფენ გაერთიანებული ძალების კონტიგენტის ოპერატიული ჩართულობით ომის ბედის ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტას.
რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს... რუსეთი საბოლოოდ განიმტკიცებს თავის ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თანაც „მისდამი მტრულად განწყობილ“ ქართველებზე გადაბრალებით; სრულად (აღდგენის პერსპექტივის გარეშე) დავწვავთ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან მისასვლელ ხიდებს; ამერიკელები კიდევ უფრო იმიჯშერყეულად გამოაცხადებენ კონკურენტ ზესახელმწიფოს (რაც მას, დიდი ხანია, ცალ ფეხზე ჰკიდია) და კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოკავშირეებს რუსული საფრთხის შესახებ; რაც მთავარია, ომში დამარცხებული „ქართული ოცნების“ ადგილს შეავსებენ „ჩვენი ნაძირალებით“ და გაიმყარებენ პოზიციებს ქვეყნის ტერიტორიის 80%-ზე, რითაც სამუდამო მფლობელობაში მიიღებენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან „სტრატეგიული დანიშნულების პუნქტს“. ძალთა ამ ახალ გადანაწილებას თან უამრავი დეტალიც ახლავს, რომლებზეც ამჯერად ყურადღებას აღარ გავამახვილებთ.
„მეორე ფრონტის“ მოსალოდნელი შედეგების შემაჯამებელი დასკვნა ასეთ მძიმე შინაარსს შეიძენს: პროცესს ეყოლება ორი გამარჯვებული - რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და ერთი დამარცხებული - ორ კოლონიურ წარმონაქმნად გახლეჩილი საქართველო.
როგორც წერილის შესავალში ითქვა, მსგავს განვითარებას უნდა ველოდეთ უკრაინის შემთხვევაშიც, ოღონდ არა ვარაუდის დონეზე, არამედ რეალიზებული ამოცანის სახით. რაც ომის დაწყებამდე, სამი ათწლეულის განმავლობაში ხდებოდა აქ და იქ, ორი წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. უკრაინის დღეს მოქმედ „გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის“ ხელისუფლებას ესტაფეტის ბოლო მონაკვეთის გადალახვაზე აკისრია ჩვენს მიერ საეჭვოდ დანახული პასუხისმგებლობა.
ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ქართულ ნიადაგზე მდგომმა საქართველოს მმართველმა გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ათი წლის წინ გაწყვიტა უფსკრულისკენ ჩაშვებული ჯაჭვი და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას. მადლობა ღმერთს, საქმე ჯერ-ჯერობით ჩვენი გეგმის მიხედვით მიდის. ომის დასრულებამდე ვერ ვიტყვით, რომ საფრთხეები მოხსნილია, მაგრამ იმის თქმა თამამად შეგვიძლია, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია - ქვეყნის გადარჩენისთვის მძიმე, რთულ და უთანასწორო ბრძოლაში ხალხი და ხელისუფლება ერთიანია(!).
ბიძინა დვალი
01.02.2023 წ.