ავტორი ნინო ჯიბუტი
„პაემანი პოეზიასთან" - ამ სახელწოდებით პოეტმა მაია კახიძემ ქალთა საერთაშორისო დღეს პოეზიის საღამო მიუძღვნა. კულტურული ღონისძიება, რომელსაც კახიძის მეგობრები, მსახიობები, პოეტები, რეჟისორები, მომღერლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დარბაზში შედგა.
შეხვედრაზე ესტრადის მსახიობმა, ჟურნალისტმა, პოეტმა მაია კახიძემ მეგობრებთან ერთად კრებულიდან სახელწოდებით - „ფიქრიმაიები", ლექსები წაიკითხა.
„რეპორტიორთან" მსახიობი ლელა მახნიაშვილი საუბრობს.
„ულამაზესი საღამოა, იმიტომ რომ გაზაფხულია, იმიტომ რომ ჩემი უსაყვარლესი მეგობრის, მაია კახიძის პოეზიის საღამოა. მაია ისეთი ადამიანია, შეუძლია ზამთარში გაზაფხული მოიყვანოს. ყველა დროს იტევს თანაბრად, თანამიმდევრობა არ აქვს მის ბუნებას, მასში წელიწადის ოთხივე დრო ეტევა. ულამაზესი ქალბატონია და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია. ის ძალიან მგრძნობიარე სულის ადამიანია. ხშირ შემთხვევაში ისეთი პრაქტიკულია, ვერ იფიქრებ, რომ ასეთ პოეზიას იტევს მისი გული. მისი თითოეული ლექსი შედევრია. ჩვენს დროში ნაკლებად ფასდება ხელოვნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, გავა დრო და ეს პოეზია ათასწლეულებს გადაიფრენს და დიდი დაფასება ექნება მის შემოქმედებას. ვუსურვებ, რომ არ დაღლილიყოს და ეწეროს უამრავი ლამაზი ლექსი!" , - აღნიშნა მსახიობმა.