„ზოგადად NDI-ის კვლევები დიდი ობიექტურობით არ გამოირჩევა, მაგრამ გარკვეული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე NDI-ის მიერ 2 თებერვალს გამოქვეყნებულ კვლევებს.
მისი თქმით, კვლევაში ორ ძირითად საკითხზე იყო საუბარი - პირადი და პარტიის რეიტინგი.
როგორც ჩიხელიძე აფასებს, პარტიის რეიტინგში, კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო პირად რეიტინგში, სადაც მთავრობის მუშაობა შეფასდა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგმა საგრძნობლად მოიმატა და 67% შეადგინა.
„კვლევაში ორი მთავარი საკითხია, ერთი პირად რეიტინგი, მეორე კი პარტიის რეიტინგს ეხება. პარტიის რეიტინგში ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, „ნაციონალური მოძრაობა“ რეანიმაციაშია, ხაბეიშვილს პარტიის გადარჩენის რესურსი ნამდვილად არ გააჩნია, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მხოლოდ აჩრდილი დარჩა. 6%-იანი რეიტინგი ნიშნავს, რომ „ნაცების“ ამომრჩევლის ნაწილი ნიჰილიზმმა მოიცვა, ნაწილი კი მათ მავნებლობაში და მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის სისწორეში დარწმუნდა.
მეორე საკითხი პირადი რეიტინგი და მთავრობის მუშაობის შეფასებაა. პრემიერის რეიტინგმა საგრძნობლად მოიმატა, მან 67% შეადგინა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა საფრთხეები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანას აარიდა. გამოწვევები შესაძლებლობად აქცია, რაც მშვიდ სტაბილურ განვითარებაში და ეკონომიკურ ზრდაში აისახა“, - ამბობს ჩიხელიძე.