logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე სააკაშვილის მნახველებზე: ჩემი მრავალგზის თხოვნისა, ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც, ერთმა მათგანმა უთხრა, უკეთ იკვებე. პირიქით, ყველა დაკლებულ გრამზე სიხარულის ყიჟინაა
- +

3 თებერვალი. 2023. 14:30

 

 

"ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ორივე მხარეს და როგორც ვატყობ, სააკაშვილის ცუდად ყოფნა, ლეტალური გამოსავალიც კი, თავის მხარეს უფრო აწყობს", - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარეობს.

 

„არ ვიცი, რაზე საუბრობენ მასთან მნახველები, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების ამ რაოდენობას, სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით, არაფერი გაუკეთებია. ჩემი მრავალგზის თხოვნისა, ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც, ერთმა მათგანმა მას უთხრა, უკეთ იკვებე ან ეს გააკეთე. პირიქით, ყველა დაკლებულ გრამზე სიხარულის ყიჟინა არის. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ ცოტა, 200 გრამი აქვს წონაში ნამატი.

 

სამედიცინო ეთიკა მოითხოვს, რომ პაციენტი რაც არ უნდა მძიმედ იყოს, მას არასოდეს უნდა უთხრა, რომ ცუდად ხარ, კვდები. ეს ადამიანი 24 საათის განმავლობაში უყურებს ტელევიზორს, ტელეეკრანებზე მიმდინარეობს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ჩვეულებრივი არასამედიცინო პერსონალისგან ეს არ მიკვირს. როდესაც ექიმი გამოდის, ეუბნება და იცის, რომ პაციენტი ამას მოისმენს, შენ დღეს არა და ხვალ მოკვდები, ეს რომელ სამედიცინო ეთიკაში წერია. ცუდად რომ იყოთ და რომელიმე თქვენგანს 24 საათი გიკიჟინონ, შენ კვდებიო, ეს რამენაირად სამკურნალო პროცესს ადგება, თუ რაღაც სხვა სპეკულაციებისთვის გამოიყენება? ასეთ სიტუაციაში არასდროს აღმოვჩენილვარ, როდესაც შეგეშინდეს, რომ ცოტა წონაში მატება გაქვს, უნდა გწყინდეს თუ გეშინოდეს ნებისმიერი პარამეტრის გაუმჯობესების საკითხი. სიხარულის ყიჟინა, როდესაც ჟურნალისტების მთელი ჯარია, არიქა, რეანიმაციაში გადადისო და შემდეგ წყენის სახე, უი, არ ყოფილა გადასაყვანი. ამ ხალხს უნდა, რომ ეს ადამიანი რეანიმაციაში მოხვდეს? ეს ლოგიკა ვერ გავიგე. ასეთი თამაში მე არ ვიცი. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და იმას ვაკეთებ. ამ რთულ თამაშს მე ვერ ვეწევი. ვერაფრით მოვაწერ იმას ხელს, რომ საქართველოში მედიცინა არ არის, რომ ჩვენი ექიმები არიან ცუდი ექიმები. ზუსტად ვიცი, ყველა დასმული დიაგნოზი, რაც ჩვენს ფორმა 100-შია წარმოდგენილი, აბსოლუტურად შეესაბამება სიზუსტეს. სადღაც 2-3 კვირაში ჩვენ გვქონდა სრული დიაგნოსტიკური ჩამონათვალი.

 

სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, რომელთანაც პირველად მქონდა კომუნიკაცია ჩემს კაბინეტში, როდესაც გამომიცხადა, რომ ისინი მიმართავდნენ ნებისმიერ ზომებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვციტირებ „ყველა მეთოდებით გაათრევენ მიშას კლინიკიდან და საპატიმროდან“, მაშინ მივხვდი, რომ მე ძალიან სერიოზულ ბრძოლაში მომიწევდა ყოფნა, თუმცა მე არანაირად არ მინდა, ვიყო ასეთ ბრძოლაში. მე ვარ მხოლოდ ერთ მხარეს, რომ პაციენტი იყოს კარგად, პაციენტი გადარჩეს. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ორივე მხარეს და როგორც ვატყობ, მისი ცუდად ყოფნა, ლეტალური გამოსავალიც კი რაღაც თავის მხარეს უფრო აწყობს. დაანებეთ ამ ადამიანის წამებას თავი, დაანებეთ მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი. მე ამას ვაფიქსირებ, მე ამას ვუყურებ ყოველდღიურ რეჟიმში. არც ერთი თქვენგანი არ შესულხართ და არ გითქვამთ ერთი სიტყვა - „მიშა, ჭამე“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner