ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების ხელშეწყობას, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს რეგიონებში ფოლკლორის შენარჩუნება და განვითარებაზე ზრუნვას ითვალისწინებს.
პირველ ეტაპზე, ანზორ ერქომაიშვილმა სამეგრელოსა და გურიაში არსებულ სალოტბარო სკოლებს ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულები და ქართველ ლოტბართა მონოგრაფიები გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, ცენტრის სხვა თანამშრომლები და სალოტბარო სკოლების მოწვეული ლოტბარები.
ფოლკლორის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი დონაძის განცხადებით, ძალიან მნიშნველოვანია ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის შენარჩუნება. სწორედ ამ უნიკალური მასალის მეშვეობით სალოტბარო სკოლებში, რომელიც უკვე 15 რეგიონშია გახსნილი, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ უფრო ახლოს გაეცნონ ჩვენს წინაპრებს, ლოტბარებს და იმ ადამიანების სიმღერებს, რომლებიც სამწუხაროდ ცოცხლები აღარ არიან. მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები მომავალშიც გეგმავენ ფონდებში დაცული უნიკალური ჩანაწერებსა და მონოგრაფიების ერთმანეთისთვის გადაცემას.
„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის შენარჩუნება. ამისთვის უნიკალური პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც რეგიონებში სალოტბარო სკოლების გახსნას ითვალისწინებს. მომავალი ლოტბარების პროფესიული დონის ამაღლებაზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ზრუნავს. მათი წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანია ასეთი სახის მხარდაჭერა. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მუდმივად ზრუნავს და გვეხმარება უნიკალური გამოცემებითა და აუდიო სასწავლო დისკებით, რომელსაც უსასყიდლოდ გადავცემთ სალოტბარო სკოლებს", - აღნიშნავს გიორგი დონაძე.
„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წყალობით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ შეისწავლონ უძველესი ქართული სიმღერები და ტრადიციული გალობა. გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ, განათლება უფასოდ მიიღონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. ისინი უკვე პროფესიონალები უკან ბრუნდებიან რეგიონებში და მომავალ თაობას გადასცემენ ტრადიციას. მათი თანადგომა მნიშვნელოვანია. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა გამოსცა ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულები და ქართველ ლოტბართა მონოგრაფიები, ასევე ხალხური სიმღერების აუდიო ჩანაწერები კომპაქტ-დისკის სახით, რომლებიც დაშლილია ხმების მიხედვით და აადვილებს სწავლის პროცესს", - აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.
ანზორ ერქომაშვილი ცენტრის ყველა გამოცემას, კერძოდ, მონოგრაფებს, მომღერალთა ბიოგრაფიებს, გამოკვლევებს ქართული ხალხური სიმღერების შესახებ უნიკალურ ჩანაწერებს უსასყიდლოდ გადასცემს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს. შემდეგ კი ხალხური სიმღერის შემსწავლელ სკოლებში დაურიგდება ბავშვებს და მიეცემათ საშუალება შეისწავლონ სიმღერა-საგალობელი გამოჩენილი წინაპრებისგან.
2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, ტრადიციული ქართული გალობისა და სიმღერის გადარჩენის, მოვლასა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 14 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. კერძოდ, სკოლების გახსნა დაგეგმილია ბაღდათის, ონისა და ცაგერის რაიონებშიც. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში, გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას.