ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისისა“ და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მორიგი დისკუსია გაიმართა თემაზე - „საინვესტიციო პოლიტიკა“. დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მიიღეს. ღონისძიებას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
პროექტის, „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.
„სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა. ეს არ გახლავთ ისეთი მაჩვენებელი, სადაც რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია დიდი პროგრესის მიღწევა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთი საფეხურის ცვლილებასაც კი, მინიმუმ რამდენიმე წელიწადი სჭირდება და დროის ეს შუალედი, ბუნებრივია, დამოკიდებულია ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე. დღეისათვის, ჩვენი საკრედიტო რეიტინგი BB პოზიტიურ დონეზეა შეფასებული. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, რომ მივაღწიოთ „საინვესტიციო რეიტინგს“, რა მიზანსაც „Fitch“-ის ბოლო ცვლილებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა: “მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ისე გარე ინვესტიციების წახალისება. საქართველოს დღეს აქვს უნიკალური შანსი, იმ რეგიონალური რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩამოყალიბდა, რომ მოემსახუროს შუა აზიის ქვეყნებს. ამაში იგულისხმება ისეთი სერვისების განვითარება, როგორიცაა სატრანსპორტო კორიდორები, გზები, რკინიგზა, პორტები. ამასთან ერთად, იმ ენერგეტიკული და საკომუნიკაციო პროექტების, რაზეც დღეს იყო საუბარი, სწორად და კარგად განხორციელების შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური კუთხით, საკმაოდ კარგი პერიოდი გველოდება წინ.“
გიორგი აბაშიშვილმა პროაქტიური საინვესტიციო პოლიტიკის საჭიროება გამოკვეთა და აღნიშნა: „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობების ის ფანჯარა, რომელიც დღეს არის გახსნილი საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მათ შორის შუა დერეფნის გააქტიურების მიმართულებით, და ვფიქრობთ, რომ ეს შედეგი მიღწეული იქნება თუ ვიქნებით უფრო თანმიმდევრულები, პროაქტიურები და შევძლებთ მეტ სტრატეგიულ კომუნიკაციას როგორც ინვესტორებთან, ისე საზოგადოებასთან.“
ვიქტორ ყიფიანმაც მართებული სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის ქვეყნის გარეთ სრულფასოვნად და ობიექტურად გადაცემა.
„არის გარკვეული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლობა ბიზნესისკენ უნდა იყოს გადახრილი თუ უფრო სოციალურ საკითხებს ითვალისწინებდეს. ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება იყოს დაცული სწორი ბალანსი სახელმწიფოს მხრიდან, რათა არც ერთი მხარე დაზიანდეს და არც მეორე. ასევე, გარკვეულწილად შევეხეთ ბიზნეს-დავების დროულად და ადეკვატურად განხილვის საკითხსაც, რაც ერთობლიობაში მოგვცემს იმ ეფექტს, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია იქნას მოზიდული" - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
იგი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ე.წ. „სწორი ინვესტორის“ კონცეფციას, როცა პროექტის მიზნები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მიზნებს ემთხვევა. როცა ინვესტორი, არამხოლოდ მყისიერ მოგებაზეა ორიენტირებული, არამედ საკუთარ თავს ქვეყნის განვითარებას უკავშირებს. „ეს რთული ამოცანაა, თუმცა, როცა საუბარია სისტემურ განვითარებაზე, ასეთი თანხვედრა ინვესტორში იქნებოდა ოპტიმალური ჩვენი გადმოსახედიდან“ - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ.