„აფბა": „ფანასკერტელის ინდექსი" შემცირდა. მედიკამენტებზე ფასები თებერვალში 4,5%-ით გაიაფდა
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" განაგრძობს „ფანასკერტელის ინდექსზე" მუშაობას, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების მონიტორინგს ისახავს მიზნად. ამჯერად ორგანიზაციამ თებერვლის თვის მონაცემები შეაჯამა, რომელიც იანვრის თვეში დაფიქსირებულ ინდექსის მონაცემებს შედარდა.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ ამ ეტაპზე კვლევა 200 დასახელების მედიკამენტზე განხორციელდა, რომლის დაკვირვების მიხედვით „ფანასკერტელის ინდექსი" 4.5%-ით არის შემცირებული და თებერვალში 12,7 პუნქტს შეადგენს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე, ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება.
ფასები შემცირებულია მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა: ანტიბიოტიკები, სადაც ფასების შემცირება ფიქსირდება შემდეგ მედიკამენტებზე: აზიმაკი - 15,1 იანვარი; 12,08 - თებერვალი; სუმამედი - 13,72 იანვარი; 10,98 - თებერვალი; ზირომინი - 31,35 იანვარი; 23,01 თებერვალი; ალმაგელი - 5,2 იანვარი; 4,16 - თებერვალი; ანტიდიაბეტური საშუალება: დიაბეტონი MR - 18,4 იანვარი; 17,07 თებერვალი; საფაღარათო საშუალების ჯგუფში: დუფალაკი - 21,37 იანვარი; 20,08 - თებეერვალი; დუფალაკი (ჯენერიული) - 7,3 იანვარი; 5,84 - თებერვალი: მედულაკი WM - 26.27 იანვარი; 15,45 - თებერვალი;
თუმცა ფასები გაზრდილია მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე როგორებიცაა: სასუნთქი სისტემის დაავადების სამკურნალო საშუალებები, კერძოდ, ბრონქო-მულან P - 12,9 იანვარი; 13,2 - თებერვალი; კარდიალური საშუალებები: ვალოკორდინი - 5,93 იანვარი; 6,93 - თებერვალი; ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები: ზიმაქსი - 33,6 იანვარი; 34,32 - თებერვალი;
ჩამოთვლილი მცირე ნაწილია იმ მედიკამენტების ჯგუფებიდან, რაზეც ორგანიზაცია მუდმივად მუშაობს. ჯამში, ბოლო მონაცემებით ორგანიზაციის ხელთ არსებული ბაზიდან, 32 დასახელების მედიკამენტზე ფასები შემცირდა, ხოლო 23 მედიკამენტზე გაიზარდა, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის" კლება გამოიწვია.
„ფანასკერტელის ინდექსი" გაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი - „ჯენერიკები".
როგორც კვლევა ცხადყოფს, ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე მცირდება, რაც „ფანასკერტელის ინდექსის" დაღმავალ ტენდენციას განაპირობებს. კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშის გამოჩენას და მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების, პრაქტიკულად, მინიმუმ 30%-ით იაფად შეთავაზებას.
აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს.
ამავე დროს, ასოციაცია მედიკამენტებზე ფასის დარეგულირების მიზნით ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც წამლის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების ითვალისწინებს. როგორც აფბას პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა განმარტა, მედიკამენტების ფასების გონივრულ ჩარჩოში მოქცევის ორი გზა არსებობს. ეს არის ზედა ზღვრის დაწესება და ისეთი მიმზიდველი გარემოს შექმნა, რომელიც მოიზიდავს ახალ ინვესტორებს. ეს კი გაზრდის კონკურენციას, რაც ფასებს დაარეგულირებს.
„თუ გავითვლისწინებთ, რომ ჩვენი ბიზნეს-სუბიექტები მოქმედებენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე და ქვეყნის ეკონომიკაც ამ პრინციპზეა დაფუძნებული, სახელმწიფო ვერ უკარნახებს ბიზნესს ფასწარმოების პოლიტიკას. თუმცა, მთავრობას აქვს ბერკეტი, რომ ზედა ზღვარი დააწესოს ამა თუ იმ სფეროში, ამის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება ბაზრის შესწავლის შედეგად, რაც კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივაა. თუმცა, ეს საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ფარმაცევტული ბაზარი პრაქტიკულად ჩაკეტილია და ფარმაცევტული კომპანიებისგან რეალური ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია. ამიტომ ინფორმაცია უნდა მოიოპოვო პირდაპირი გამოკითხვის გზით, რის გაკეთებაც ათასობით მედიკამენტის არსებობის გათვალისწინებით, ურთულესი ამოცანაა. ამდენად, ფასების დასარეგულირებლად რჩება მეორე გზა - შეიქმნას ისეთი სახარბიელო გარემო, რომ ინვესტორები შემოვიდნენ და კონკურენციამ დაარეგულიროს მედიკამენტების ფასები"-, განაცხადა გულბანმა. მისივე განმარტებით, აფბა ქართული და უცხოური ანალოგების წამლების ფასების შედარებითაც დაინტერესდება და შეეცდება საკითხის შესწავლის შემდეგ დააყენოს საკითხი, თუ რატომ ღირს ბევრად ძვირი ქართული წარმოების წამლები.
მედიკამენტებზე ფასების შემცირების სტატისტიკა ასეთია: ინდექსის წარმოება დაიწყო 2015 წლის ნოემბრიდან. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა" შეადგინა 14,5; დეკემბერში 14; 2016 წლის იანვარში 13,35, ხოლო თებერვალში 12,7 პუნქტი. მნიშველოვანია, რომ „აფბა" „ფანასკერტელის ინდექსს" ყოველთვიურ რეჟიმში განაახლებს.