„საქართველოს რომ გამოეცხადებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ეს საკუთარ თავის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნებოდა, იმიტომ რომ სანქციას როცა აწესებ, ის მხარე, რომელიც ხვდება, რომ შენ უფრო მეტად ზარალდები, თვითონ გიწესებს სანქციებს“, - ამის შესახებ მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში გაიხსენა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აპრილში გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტში არსებული პროგნოზის მიხედვით, 2022 წელი საქართველოსთვის 3,2%-იანი ეკონომიკური ზრდით უნდა დასრულებულიყო, რაც წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 15%-იანი ზრდის გათვალისწინებთ, მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში 0%-იან ზრდას გულისხმობდა.
დუნდუას თქმით, ასეთი პროგნოზი სავალუტო ფონდმა უკრაინაში ომის ფონზე რუსეთთან, უკრაინასთან და ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების შემცირების გათვალისწინებით გააკეთა.
„ახლა წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც საქართველოს შეეძლო დაეწესებინა სანქციები. ხომ ადვილი მისახვედრია, რომ შეუძლებელია საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს ისეთი ეკონომიკური სანქცია, რომ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთზე. რამდენჯერმე უფრო ძნელია საქართველოსთვის ამ პროცესში შესვლა დღეის მდგომარეობით, ვიდრე რუსეთისთვის“, - განაცხადა დუნდუამ.