თურქეთში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც dailysabah ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 76 ადამიანი.
მედიასაშუალება წერს, რომ მოსალოდნელია დაღუპულები მოქალაქეების რაოდენობის ზრდა.
ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ძლიერი მიწისძვრა სამხრეთ პროვინციაში, კაჰრამანმარაში მოხდა.
პირველი მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა პროვინციებში, მათ შორის დიარბაკირში და მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ლიბანსა და სირიაში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 10 ქალაქი. ჩამონგრეულია და განადგურებულია საცხოვრებელი სახლები.
ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში.
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება.